იტალიური “რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი სანაკრებო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ 34 წლის ფეხბურთელმა თავად განაცხადა. დე როსის თქმით, დროა იტალიის ნაკრებში თაობათა ცვლა მოხდეს და აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთდეს.
“ცხოვრება შედგება ბილიკებისგან. კოვერჩანოში 16 წელიწადი გავატარე და ძალიან რთული და მტკივნეულია იმაზე ფიქრი, რომ ეს იყო ჩემი ბოლო საღამო იტალიის ნაკრებში”, - თქვა შვედეთთან (0:0) მატჩის შემდეგ დე როსიმ.
დანიელე დე როსის იტალიის ნაკრებში დებიუტი 2004 წელს ნორვეგიასთან (2:1) მატჩში ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ დანიელემ გოლის გატანა სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა.
მას შემდეგ დე როსიმ “სკუადრა აძურას” ღირსება 117 თამაშში დაიცვა და 21 გოლი გაიტანა. მასზე მეტჯერ იტალიის ნაკრებში მხოლოდ ჯიჯი ბუფონს, ფაბიო კანავაროსა და პაოლო მალდინის უთამაშიათ. საგულისხმოა ისიც, რომ იტალიის ისტორიაში ნახევარმცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.
დანიელე დე როსი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.