CIAO ჯიჯი – ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ვეტერანმა კიპერმა შვედეთთან (0:0) მატჩის შემდეგ განაცხადა. ჯიჯიმ სურვილი ვერ აიხდინა და მეექვსე მუნდიალს მიღმა დარჩა. შესაბამისად, კარიერის ბოლო შეხვედრასაც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ვეღარ ჩაატარებს.
"ვწუხვარ არა მხოლოდ ჩემ გამო, არამედ მთლიანად იტალიის სახელით. ჩვენ ვერ შევძელით მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა. ერთადერთი რასაც განვიცდი, სინანულია. ჩემი ნაკრებიდან წასვლა მხოლოდ დროის საკითხი იყო, ეს ცრემლები იტალიის, რადგან ვერ მოვხდით მსოფლიოს ჩემპიონატზე. სამწუხაროა, რომ ჩემი ბოლო თამაში ასეთი გამოდგა.
ჩვენ გვაქვს სიამაყე და ჯიუტი ხასიათი. ვიცით, როგორ წამოვდგეთ ფეხზე. გვყავს კარგი ბიჭები პერინი, დონარუმა მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ ხნის განმავლობაში ვიმუშავე, მე იტალიის ნაკრებს ვტოვებ.
ჩემი დე როსი, ჩემი ბარძალი, ჩემი კიელინი - ისინიც დაასრულებენ სანაკრებო კარიერას. მჯერა, რომ ლეო ბონუჩი ისევ ითამაშებს იტალიის ნაკრებში. მე კი, არ მსურს ვინმეს სცენა მოვპარო. დიდი ბოდიში”, - განაცხადა ბუფონმა.
ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ზუსტად 20 წლის წინ, 1997 წლის 29 ოქტომბერს, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში შედგა რუსეთის წინააღმდეგ.
იქედან მოყოლებული ჯიჯიმ 175 შეხვედრა ჩაატარა “სკუადრა აძურას” მაისურით და ეს არამარტო იტალიაში, არამედ მთლიანად ევროპაში სარეკორდო მაჩვენებელია. ბუფონმა ითამაშა ევროპის ოთხ (2004, 2008, 2012 და 2016) და მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე (1998, 2002, 2006, 2010 და 2014).
2006 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2012 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა. 39 წლის კიპერი 2010 წლიდან მოყოლებული იტალიელთა კაპიტანი იყო. “სკუადრა აძურას” ღირსება მან კაპიტნის რანგში 79-ჯერ დაიცვა.