მაიკლ დიქსონი მოედანს დაუბრუნდა და საკმაოდ შედეგიანადაც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 2 კვირის წინ მხრის ტრავმა მიიღო და იმ მატჩთან ერთად მომდევნო შეხვედრაშიც ვერ ითამაშა. საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელშიც სტრასბურელები სტუმრად ერთ-ერთ ფავორიტ „მონაკოს“ შეხვდნენ, დიქსონი მოედანზე დაბრუნდა და თავისიანებს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.
მაიკლი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში თავი 14 ქულასა და 2 პასს მოუყარა. დიქსონმა 5-დან 4 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური მიიღო, ხოლო მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ. „სტრასბურმა“ მონაკოელები 90:83 დაამარცხა და 5 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აინაცვლა. დიქსონის გუნდს მომდევნო შეხვედრა 19 ნოემბერს, შინ, “ლიონ-ვილერბანთან” ელის.
gbf.ge