ფეხბურთი

3:09 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატია და შვეიცარია ცალი ფეხით რუსეთში არიან

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის მატჩებში, ხორვატიამ და შვეიცარიამ ფავორიტის სტატუსი გაამართლეს, დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს და რუსეთში გასამგზავრებელ საგზურამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.

ხორვატები ზაგრებში ბერძნებს დაუხვდნენ, მთელი მატჩის განმავლობაში აჯობეს და მთლიანობაში წარმატების არანაირი შანსი არ დაუტოვეს. მასპინძლებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოკიდეს ხელი და მეტოქე მარწუხებში მოაქციეს. პირველი გოლი კი ცოტათი კურიოზული გამოდგა და არაფრისგან შეიქმნა: მცველმა კარნეზისს დაუბრუნა ბურთი, მაგრამ მეკარემ ბურთი ვერ დაიმორჩილა, ნიკოლა კალინიჩს ჩააბარა და 32 წლის კიპერი იძულებული გახდა, რომ მოწინააღმდეგის ფორვარდი წაექცია, რასაც პენალტის დანიშვნა მოჰყვა და ლუკა მოდრიჩმა 11-მეტრიანის ნიშნულიდან მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. ექვს წუთში მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს – სტრინიჩმა მარცხენა ფლანგზე ვიზავი დაჩაგრა და კარის გასწვრივ დაბალი გადაცემა გააკეთა, რომელსაც კალინიჩი გამოეხმაურა და კარნეზისი მეორედ დაამწუხრა.

ბერძნებმა პირველ ნახევარში მეტოქის კარში ზუსტად სულ ერთხელ დაარტყეს და ისიც გოლით დასრულდა: 30-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, რომელიც სოკრატის პაპასტატოპულოსის ზუსტი თავურით დაგვირგვინდა. თუმცა, ბერძენთა სიხარულმა სულ სამ წუთს გასტანა და 33-ე წუთზე ივან პერიშიჩმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, კრამარიჩმა სტაფილიდისის უხეში შეცდომით ისარგებლა, მეტოქის კარის ბადე მეოთხედ შეარხია და როგორც მოგვიანებით გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.

გაცილებით მოკრძალებული ანგარიშით მოიგო შვეიცარიის ნაკრებმა, თუმცა მათ გამარჯვება გასვლაზე მოიპოვეს და ამით მუნდიალის საგზურისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. სტუმრები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს: რიკარდო როდრიგესმა 58-ე წუთზე პენალტი აქცია გოლად – 0:1.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილების განმეორებითი მატჩები 12 ნოემბერს გაიმართება.

ხორვატია – საბერძნეთი 4:1 (3:1) VIDEO

ზაგრები, “სტადიონ მაქსიმირი”

ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი, ვრსალკო, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, მოდრიჩი (პასალიჩი 89), კრამარიჩი (ვლაშიჩი 82), კალინიჩი (რებიჩი 76).
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი, პაპასტატოპულოსი, პაპადოპულოსი, ცაველასი, მანიატისი (რეცოსი 46), სამარისი (მაჩციდისი 62), ციოლისი, ფორტუნისი, ზეკა, სტაფილიდისი (ბაკასეტასი 71), მიტროღლუ.
მწვრთნელი: მიხაელ სკიბე

გოლები: 1:0 მოდრიჩი (13 პენ.), 2:0 კალინიჩი (19), 2:1 პაპასტატოპულოსი (30), 3:1 პერიშიჩი (33), 4:1 კრამარიჩი (49)
გაფრთხილებები: კარნეზისი, ზეკა, ბაკასეტასი
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ჩრდილოეთ ირლანდია – შვეიცარია 0:1 (0:0) VIDEO

ბელფასტი, “უინდსორ პარკი”

ჩრდილოეთ ირლანდია (4-1-2-3): მაკგოვერნი, მაკოლი, ჯ.ევანსი, მაკლოუგლინი, ბრანტი, კ.ევანსი (სავილი 65), ს.დევისი, ნორვუდი, დელასი (უარდი 52), მეგენისი, ლაფერტი (ვაშინგტონი 78).
მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი

შვეიცარია (4-2-3-1): სომერი, შარი, აკანჯი, ლიხშტაინერი, რ.როდრიგესი, ზაკარია, ჯაკა, ზუბერი (მეჰმედი 87), ჯემაილი (ფრეი 83), შაქირი, სეფეროვიჩი (ემბოლო 77).
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

გოლი: რ.როდრიგესი (58 პენ.)
გაფრთხილებები: კ.ევანსი – შარი
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

0.117166