ფეხბურთი

15:54 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

CIAO ანდრეა!

ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა, შესაბამისად, გამარჯვების შემოქმედი მთლიანად გუნდი ხდება და არა ერთი, კონკრეტული ფეხბურთელი. და მაინც, გუნდურ გამარჯვებებსაც საბოლოო ჯამში ინდივიდები განაპირობებენ. ისეთი ინდივიდები, როგორიც ანდრეა პირლოა.

საინტერესოა, რით იყო გამორჩეული ჩია ტანის, მწვანე მინდორზე თითქმის ყოველთვის “შეუმჩნეველი” ანდრეა ? ფაქტია, რომ “მაესტრო” თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, თამაშს დირიჟორობდა. მეტწილად, სწორედ თვითონ წყვეტდა თამაშის რიტმს, ტემპს, მიმდინარეობას, ხელწერას. მეტწილად, ამ გუნდური სახეობის წარმომადგენლები, ამ ინდივიდის ჯადოქრულ შემოქმედებაზე იყვნენ დამოკიდებულნი. ისიც ფაქტია, რომ ასაკის მატების მიუხედავად, ანდრეა პირლო არ ფერმკრთალდებოდა, პირიქით – მისი სიკაშკაშე უფრო და უფრო მძლავრდებოდა.

“ბრეშა” ერთი არაფრით გამორჩეული გუნდია, რომელიც ლომბარდიის მხარეს ეკუთვნის და არათუ იტალიური ფეხბურთის ბობოლებს შორის, არასდროს ჰქონია საკუთარი მხარის მეტრებში გარევის და ჩარევის პრეტენზიაც კი. სწორედ იქ, პატარა ქალაქის, პატარა გუნდში დაიწყო უდიდესი ისტორიის დაწერა და გადაწერა. დიახაც, რომ გადაწერა! – ანდრეა არა სხვის, არამედ საკუთარ ისტორიას ახლიდან ლამის ყოველ დღე, ყოველ თამაშზე წერდა.

გამხდარი, აი, ისეთი თითქოს მხრის ერთ გაკვრაზე მინდორზე გაშხლართულს რომ წარმოიდგენს ადამიანი – ასეთი იყო კარიერის საწყისზე პირლო. მაგრამ საბედნიეროდ, ფეხბურთს მარტო ფიზიკური ძალა და კუნთები არ სჭირდება, არამედ - ტვინის, გონების სისხარტე, გამჭრიახობა და გონების “კუნთი”. აი ამაში კი ლომბარდიელი ბიჭუნა ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო.

“ბრეშაში” პროფესიონალურ დონეზე პირლოს დებიუტი 1995 წლის 21 მაისს, “რეჯინას” წინააღმდეგ შედგა. 20 წელიწადი მისი სახელი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჩემპიონატში ისე ბრწყინავდა, როგორც სირიუსის ვარსკვლავი...

21 მაისი სიმბოლური თარიღია ხომ? – იტყვის კიდეც მოგვიანებით თავად ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი. 21 მისი რიცხვია, მისი მაისურის რიცხვია, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

“ბრეშაში” გატარებული სამი სეზონის შემდეგ პირლოს იტალიური ბობოლების რიგი დაუდგა, თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის პერიოდია, როცა კალჩო მთელს ევროპაში საუკეთესო იყო და მისი მოწინავე კლუბები უეფას ტურნირებს მიყოლებით იგებდნენ ან ფინალში აღწევდნენ.

საბოლოოდ, ამ ბრძოლაში გამარჯვებული “ინტერი” და მასიმო მორატი გამოვიდნენ. არც არაფერი იყო ამაში გასაკვირი – პირლო ბავშვობიდანვე “ნერაძურის” ტიფოზი იყო და “ჯუზეპე მეაცას” ტრიბუნებზე შავ-ლურჯი შარფით არაერთხელ მიბრძანებულა.

თუმცა, თურმე ისე არ ქუხდა, როგორც წვიმდა. “ინტერში” ანდრეას ნაკლები ნდობა ჰქონდა, იშვიათად აძლევდნენ თავის გამოჩენის შანსს, ან თუ აძლევდნენ - მხოლოდ რამდენიმე წუთით. მიუხედავად ამისა, “აპიანო ჯენტილეზე” კარგად ხვდებოდნენ მის შესაძლებლობებს და რა თქმა უნდა, მასთან შელევა არ უნდოდათ.

გამოსავალიც მოიძებნა – მილანურმა გრანდმა 19 წლის ანდრეა მოკრძალებულ "რეჯინაში" გაანათხოვრა, სადაც მან სათამაშო პრაქტიკა და მეტი გამოცდილება მიიღო. რეჯიო კალაბრიულ გუნდში პირლოს იჯარით გაშვება გენიალური მარჩელო ლიპის იდეა იყო, რომელსაც მაშინ თავად ფეხბურთელიც სიხარულით შეხვდა. უკან დაბრუნებულს კი გუნდში სიტუაცია შეცვლილა დახვდა.

ლიპი წასულიყო, ხოლო ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ტარდელი პირლოს ადგილს ძირითად შემადგენლობაში ვინ ჩივის და სათადარიგო სკამზეც იშვიათად ხედავდა. არადა, პარადოქსია, რომ ეს ის ტარდელი იყო, ვინც პირლოს იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე თვით ადრე ავარჯიშებდა და მისი ლიდერობით 2000 წელს 21-წლამდელთა ევროპირველობა მოიგო. იმ ტურნირზე პირლო 10 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა! 10 გოლი (!) – გასაოცარი შედეგია ნახევარმცველისთვის, თუნდაც შემტევი ნახევარმცველისთვის.

დიახ, ანდრეა თავიდან არა მცველების წინ, არამედ ფორვარდების უკან ირჯებოდა. მისი საყრდენ ნახევარმცველად ქცევა კი 2001 წლიდან იწყება. ეს, ის წელია, როცა “ინტერმა” უდიდესი შეცდომა დაუშვა და ნამდვილი მარგალიტი თანაქალაქელ “მილანს” ხურდებში, მონეტების სანაცვლოდ დაუთმო, კარლო ანჩელოტიმ კი მასში მაქსიმალურად დაინახა ის თვისებები, რის გამოც დღეს ანდრეა პირლო უბრალოდ, ანდრეა პირლოა. მართლაც გასაოცარი გუნდი ჰყავდა იმ პერიოდში “მილანს”, პირლო კი ამ გუნდის ნამდვილ მგეზავად და დირიჟორად დღითიდღე ყალიბდებოდა, იზრდებოდა, იხვეწებოდა. “როსონერიში მან ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკონტინტეთაშორისო თასი და სკუდეტო ორ-ორ გზის მოიგო. ამ ყველაფერში კი მისი წვლილი ფასდაუდებელი გახლდათ.

რაღა თქმა უნდა, შორს არც ის დღე იყო, როცა მისი სანაკრებო დებიუტიც უნდა შემდგარიყო. ასეც მოხდა, 2002 წლის 7 სექტემბერს, ბაქოში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯოვანი ტრაპატონიმ ლომბარდიელი ბიჭის გამოყენება გადაწყვიტა. მას მერე პირლოსა და ლურჯი მაისურის ფაქიზი სიყვარულის ისტორია ცამეტი წელი გაგრძელდა, ამან კი უდიდესი გამარჯვებაც და უდიდესი იმედგაცრუებაც დაიტია.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებში ისეთი ბიჭები ბრწყინავდნენ, როგორებიც ფაბიო კანავარო, ლუკა ტონი, ჯანლუიჯი ბუფონი, ფრანჩესკო ტოტი და სხვანი იყვნენ, მაგრამ ალბათ, სადაო არაა ის ფაქტი, რომ პირლოს გარეშე ამ ნაკრებს გერმანიის მინდვრებზე ტრიუმფი გაუძნელდებოდა. სწორედ პირლოს ლამაზი გოლით დაიწყო მეოთხე საჩემპიონო ტიტულისკენ სვლა “სკუადრა აძურამ” (განასთან მატჩში). საბოლოოდ, ტურნირზე პირლოს ამ გოლის გარდა, 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ბოლოს კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის საპატიო მესამე ადგილზეც გავიდა ზინედინ ზიდანისა და ფაბიო კანავაროს შემდეგ.

ერთი დეტალიც – ბერლინში გამართული ფინალის ბედი მატჩის შემდგომმა პენალტების სერიამ გადაწყვიტა. იქ კი, ბურთთან პირველი ვინ მივიდა? – რა თქმა უნდა პირლო! ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება, ეს მარჩელო ლიპის გადაწყვეტილება იყო – “შენ იწყებ”! – უთხრა ლიპიმ ანდრეას. მიუხედავად ნერვული ატმოსფეროსა და ფოტო აპარატების თვალისმომჭრელი სხივებისა, პირლოს საკუთარი ქვეყანა არ დაუღალატებია და იტალია დააწინაურა! ცოტა ხნის შემდეგ კი მას უკვე მსოფლიო თასთან ერთად ეძინა.

ეს ერთადერთი ტრიუმფია, რომელსაც პირლომ და იტალიის ნაკრებმა ერთად უწიეს, თუმცა 2012 წელსაც შეიძლებოდა ყველაფერი უკეთ დასრულებულიყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე პირლო და კომპანია მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ცალკე თემაა ამავე ჩემპიონატზე მის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი ინგლისის ნაკრების კარში. როგორც მოგვიანებით თავად იტყვის, პენალტის ასე დარტყმაზე წინასწარ არ უფიქრია, რადგან ასე რომ ჩაეფიქრებინა, მაშინ ფრანჩესკო ტოტი უნდა ყოფილიყო, პირლო კი უბრალოდ, პირლოა!

უკან დავბრუნდეთ და ისევ “მილანში” და “მილანელოზე” შევიხედოთ – ზუსტად ერთი ათეული წელი ემოსა შავ-წითელი მაისური პირლოს და იშვიათია მატჩის გახსენება, რომელიც მან ჩააგდო, რომელშიც გულშემატკივარს ისეთი პირლო არ ენახოს, როგორიც ის უყვართ ან უბრალოდ პატივს სცემენ. და მაინც, როგორც ჩანს, ურთიერთობები დროს ვერ უძლებს. პირლოსა და “მილანის” გზები გაიყარა, გაიყარა არცთუ თბილად და სასიამოვნოდ. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ “როსონერისგან” მოძულებული “ვეტერანი” ტურინის “იუვენტუსმა” “შეიფარა”, თითქოს მოხუცთა თავშესაფერი ყოფილიყო და თითქოს ეს თავშესაფარი თავად პირლოს მოეთხოვოს...

ეს ყველაფერი 2011 წლის ზაფხულში მოხდა. აქ იწყება კარიერის ახალი ეტაპი, ახალი გამოწვევები მის უდიდეს კარიერაში. პირლო “იუვენტუსში” უფრო დაბრძენებული, უფრო გაზრდილი, უფრო სასიამოვნო, უფრო ელეგანტური სანახავი გახლდათ. თავიდან გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტი “ბებერ ქალბატონსა” და “ბებერ” გენიოსს შორის მოგვიანებით კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა, თუმცა ბოლომდე ვერ შესრულდა, ერთი წლით ადრე გაწყდა. გაწყდა 2015 წლის ზაფხულში და ანდრეა ევროპასაც გაეყარა. შორს წავიდა, ამერიკაში, იქ, სადაც ნაკლებ წნეხში უწევდა ყოფნა და იქ, სადაც პირლო უბრალოდ საფეხბურთო სიბერეს ატარებდა, თორემ რეალურად ანდრეა პირლო და ფეხბურთი 2015 წლის 6 ივნისს, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ დასრულდა. იტალიელმა ჩუმმა ლიდერმა კიდევ ერთხელ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ „ბებერ ქალბატონს“ იქ მარცხი ელოდებოდა. მიუხედავად ამისა, ანდრეას 4-წლიანი ტურინული კარიერა მაინც შთამბეჭდავი და გამარჯვებებით დახუნძლული გამოდგა. ადვილი არ ყოფილა, ფერდაკარგულ „იუვესთან“ ერთად 4 სეზონში 4 სკუდეტოს მოგება. პირლომ „ბიანკონერის“ ტიფოზერიასაც სამუდამოდ შეაყვარა თავი.

უცნაურია, მიუხედავად საოცარი კარიერისა, ანდრეას არასდროს მოუგია ფეხბურთელისთვის ყველაზე ძვირფასი პირადი ჯილდო – “ოქროს ბურთი”. ისეთ ჯარისკაცს რა ვუთხარი, ვინც გენერლობაზე არ ოცნებობსო და ისეთ ფეხბურთელსაც რა ეთქმის, ვინც “ოქროს ბურთზე” არ ოცნებობს, მაგრამ არა! – პირლოს “ოქროს ბურთზე” ოცნება არ სჭირდება, პირლო თავად ოცნებაა...

მთავარი არაა მაინცდამაინც გოლები გაგქონდეს, მთავარია ვინ ჰქმნის ამ გოლამდე თამაშს – ამ გოლამდე თამაშს კი პირლო ქმნიდა, პირლოსნაირები ჰქმნიან, მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, პირლოსნაირები ფეხბურთში ბევრნი არ არიან – პირლო განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც საუკუნეში ერთხელ თუ განმეორდება ხოლმე...

„მაესტრომ“ ბუცები ლურსმანზე 38 წლის ასაკში ჩამოჰკიდა. ანდრეა პირლოზე ამიერიდან ვეღარ ვისაუბრებთ, როგორც ფეხბურთელზე აწმყო დროში. ამ შემთხვევაში მხოლოდ წარსულის გამოყენება დაგვჭირდება...

და მაინც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვისაც უნახავს პირლოს თამაში, მას ფეხბურთიც უნახავს, ფეხბურთის ხიბლიც შეუგვრძნია.

უბრალოდ, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა, ჩეზარე პრანდელიმ თქვა – ანდრეა პირლო განსაკუთრებული და მოსაფრთხილებელი ადამიანების კატეგორიაში შედის – ის ყველას ფეხბურთელია, იგი საყოველთაო, თითოეული ჩვენგანის ფეხბურთელია!...

0.113032