ოქტომბრის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, 25 წლის მცველმა ძალზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
გამოკითხვაში 610 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და კვირკველიას გამოკითხულთა ხმების ნახევარზე მეტი ერგო – 53.4%. ამრიგად, კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით აჯობა. აღსანიშნავია, რომ წინა თვის გამოკითხვაშიც სოლომონმა იმარჯვა და მაშინაც დაახლოებით იდენტური შედეგით (54.2%).
ასეთი შედეგი მოსალოდნელიც იყო: სოლომონს მართლაც გამორჩეული დრო უდგას კარიერაში და მისი ჩაგდებული თამაშის გახსენება უკვე ძნელია.
მეორე ადგილზე დავით ხოჭოლავა გავიდა, რომელსაც ხმების 17.5% ერგო, სამეულში მოხვდა ნიკა კაჭარავაც - 15.6%.
რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, შემდეგნაირად გადანაწილდა:
ვაკო ყაზაიშვილი - 9.2%
გიორგი მერებაშვილი - 4.3%
აქვე, სოლომონ კვირკველიას მონაგარის შესახებ სექტემბერში:
"სოლომონ კვირკველია ჩვენი გამოკითხვის გამარჯვებულია სექტემბერში. 25 წლის ფეხბურთელს ოქტომბერიც გამორჩეული ჰქონდა. კვირკველიამ “ლოკომოტივის” რიგებში 6 თამაში ჩაატარა შეუცვლელად და მათ შორის, ორი ევროპა ლიგაზე. ერთხელ კი, საქართველოს ნაკრების რიგებში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებური გასულ თვეში ორჯერ მოხვდა რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში".
აღნიშნული გამოკითხვა ყოველი თვის დასაწყისში განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე. ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივარი დეკემბრის დასაწყისში გამოავლენს.