ფეხბურთი

20:00 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯიღაურის გოლი, ლორიას გამარჯვება და კვირკველიას ფრე

მაკედონიის ჩემპიონატის მე-14 ტურში გოლი გაიტანა ჯაბა ჯიღაურმა. ქართველმა შემტევმა “ვარდარისა” და “სკოპიეს” შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. ჯაბა ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მხოლოდ 79-ე წუთიდან ითამაშა, თუმცა 86-ე წუთზე მატჩს წერტილი მისი გოლით დაესვა – 3:0. “ვარდარი” 23 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ “შკენდიას” 11 ქულით ჩამორჩება. თუმცა, კონკურენტთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში დონეცკის “შახტარმა” სტუმრად “მარიუპოლი” დაამარცხა (3:1). დონბასელთა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა დავით ხოჭოლავა, რომელიც ბოლო დროს უკრაინის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა. “შახტარს” 15 თამაშში მოპოვებული 36 ქულით პირველი ადგილი დამაჯერებლად უკავია.

რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა “ლოკომოტივმა”. იური სიომინის გუნდმა მოსკოვურს დერბში ცსკა-ს შინ ვერ აჯობა (2:2). თავიდან მასპინძლები იგებდნენ, მერე სტუმრები, საბოლოოდ კი მანუელ ფერნანდეშმა 87-ე წუთზე გაათანაბრა. სხვათა შორის, პორტუგალიელმა მანამდე პენალტი ვერ გამოიყენა. “ლოკომოტივის” რიგებში შეუცვლელად ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. “რკინიგზელები” ისევ ლიდერობენ პრემიერლიგას და “ზენიტს” 4 ქულით უსწრებენ, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

აქვე, “სკა ენერგიამ” ტულას “არსენალთან” საკუთარ მოედანზე წააგო (1:2). ხაბაროვსკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, ხოლო სტუმართა შორის, ასევე სასტარტოში იყო გია გრიგალავა, მაგრამ 73-ე წუთზე შეცვალეს, იქამდე კი გაფრთხილებაც მიიღო. “სკა ენერგიას” 12 ქულით ბოლო პოზიცია უკავია, ხოლო “არსენალი” 23 ქულით მეექვსეა.

ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ანჟიმ”, რომელმაც სტუმრად “ამკარს” აჯობა (2:1). დაღესტნელთა კარი 90 წუთის განმავლობაში დაიცვა გიორგი ლორიამ. საერთოდაც, ქართველმა ბოლო დროს დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი. “ანჟიმ” 16 ქულა დააგროვა და ხანგრძლივი პაუზის მერე გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-11 ტურში “ვიტესმა” შინ “ცვოლეს” ვერ მოუგო (0:0). არნემელთა ქართველი კაპიტანი გურამ კაშია მოედანზე 90 წუთი იყო. “ვიტესი” 19 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

0.118247