თბილისის “ლოკომოტივმა” ქობულეთის “შუქურას” ვერ მოუგო. მეტიც, ორჯერ აგებდა და საბოლოოდ, 2:2 დასჯერდა. გიორგი დევდარიანის გუნდი ქულებით დაეწია “საბურთალოს”, მაგრამ საბურთალოელებს ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ. რაც შეეხება “შუქურას”, უკვე ხუთი ქულით ჩამორჩა მეცხრეადგილოსან “კოლხეთს” და ძალიან გაუჭირდება ბოლო ადგილიდან თავის დაღწევა.
პირველი გოლი ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერებმა შექმნეს: ჯეფინიომ გაჭრა ნახევარდაცვის ხაზი, მარსელინიოს გააყოლა ბურთი, რომელიც მამუკა კობახიძეს გასცდა და ცაციით გაიტანა – 0:1.
“ლოკომ” მალევე გაათანაბრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “შუქურამ” კარგი კონტრშეტევა ვერ დაასრულა გოლით და აქეთ გაუშვა. გიორგი რეხვიაშვილი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე აღმოჩნდა, ირბინა და შორეულ კუთხეში დარტყმით გაიტანა – 1:1.
57-ე წუთზე უკვე ჯეფინიომ შეაგდო. საჯარიმოში არეულობის შემდეგ მიუვიდა ბურთი და კარგი დარტყმა მიაყოლა – 1:2. გოლი და საგოლე პასი ჯეფინიოსი.
“ლოკომოტივს” ბევრი ნაპრალი ჰქონდა დაცვასა და ნახევარდაცვის ცენტრშიც. ნელა მოქმედებდნენ და “შუქურას” მწვავედ რომ ეთამაშა, უფრო კარგად გამოიყენებდა.
თუმცა ისევ თბილელებმა მიითვალეს გოლი. დავით სამურკასოვმა მარჯვნივ გააყოლა ბურთი ლუკა სილაგაძეს, რომელმაც მეკარის ბაქანთან შეასრიალა და იქ გეგა დიასამიძემ დაასრულა შეტევა - 2:2.
ვის უფრო შეეძლო მოგება? “ლოკომოტივი” უფრო მეტს უტევდა, მაგრამ მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. მაგალითად, კობა შალამბერიძეს შეეძლო გატანა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და რევაზ თევდორაძემ ფეხით მოიგერია მისი დარტყმული.
სილაგაძე ვახსენეთ... მარჯვენა გარემარბი 18 წლისაა. დებიუტი ჰქონდა “ლოკოს” ძირითად გუნდში და მშვენივრადაც გამოიყენა ეს შანსი. მოედანზე შესვლიდან შვიდ წუთში კარგი საგოლე პასი მიითვალა და დარჩენილ დროშიც აქტიურობდა.
ეროვნული ლიგა. 33-ე ტური
თბილისი. მიხეილ მესხი2
ლოკომოტივი – შუქურა 2:2 (1:1)
ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, ქურდაძე, რეხვიაშვილი, კობახიძე, სამურკასოვი, გოროზია (გვალია 51), დიასამიძე (გაბრიჩიძე 77), არველაძე (სილაგაძე 65), ქავთარაძე, სიხარულიძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
შუქურა: სომხიშვილი, პომაზანი, გოგიტიძე, დასე, ჯეფინიო, კლიმიაშვილი, ტიანლინი (შალამბერიძე 52), მარსელინიო (ართმელაძე 77), ა.გურული, კახელიშვილი, ჩაგელიშვილი
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გოლები: 0:1 მარსელინიო (19), 1:1 რეხვიაშვილი (26), 1:2 ჯეფინიო (57), 2:2 დიასამიძე (72)
გაფრთხილება: კობახიძე, დიასამიძე – სომხიშვილი, პომაზანი
მსაჯი: ხარიტონაშვილი