ფეხბურთი

15:06 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანტონადან ევრამდე: როდესაც საფეხბურთო მოედანი რინგს ემსგავსებოდა...

პატრის ევრას საქციელს ევროპა ლიგის მატჩის დაწყებამდე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგეხსენებათ, ვეტერანმა ფრანგმა მცველმა “მარსელის” ქომაგს სახეში ფეხი უთავაზა და ახლა უეფასგან მკაცრი სანქციის მოლოდინშია. ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება კი აღნიშნულ საკითხზე 10 ნოემბერს იმსჯელებს.

იქამდე, ფეხბურთელი თავად კლუბმა დასაჯა და მანამ, სანამ, უეფა ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდიდან დროებით გარიცხა.

ჩვენ კი, ამ წერილში თვალი გადავავლოთ დაახლოებით მსგავს სკანდალურ ქცევებს სხვა და სხვა მოედნებზე. ევრას ჟესტმა ბევრს კიდევ ერთი ფრანგი, ერიკ კანტონა გაახსენა, რომელმაც ასევე ფეხი უთავაზა სახეში ქომაგს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ არა საკუთარი გუნდის, არამედ მეტოქის...

ერიკ კანტონა

1995 წლის იანვარში კანტონა “კრისტალ პალასის” ქომაგს მწარედ გაუსწორდა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერიც მკაცრად დაისაჯა და 9 თვიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწია.

ბრაიან კლაფი

1989 წლის იანვარში სკანდალში გაეხვა “ნოტინგემ ფორესტის” ლეგენდარული მწვრთნელი ბრაიან კლაფი. მწვრთნელმა, რომელმაც მანამდე “ნოტინგემს” ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი მოედანზე ორი გულშემატკივარი სცემა.

პაოლო დი კანიო

იტალიელი მშვიდი ხასიათით არასდროს გამოირჩეოდა. 1998 წლის სექტემბერში დი კანიომ “არსენალისა” და “შეფილდ უენსდის” მატჩში წითელი ბარათი მიიღო, გაბრაზებული კი მსაჯს მივარდა და ხელი გაარტყა. პაოლო 11 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ზინედინ ზიდანი

ყველასთვის კარგადაა ცნობილი 2006 წლის მუნდიალის ფინალურ მატჩში მომხდარი დაპირისპირება ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის. ფრანგმა იტალიელს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ აპატია და მკერდში თავი უთავაზა... “არ ვამაყობ ჩემი ჟესტით, მაგრამ ჩემი კარიერა და ცხოვრება სხვა და სხვა რამეა”, - თქვა მოგვიანებით ზიზუმ. ეს ლეგენდარული ზიდანის ბოლო ეპიზოდი იყო ფეხბურთელის კარიერიდან.

პატრის ევრა

და ბოლოს, ევრა – “გიმარაეშისა” და “მარსელის” შეხვედრის დაწყებამდე ევრამ თავისი გუნდის ქომაგი სცემა და წითელი ბარათი თამაშის დაწყებამდე მიიღო. ასეთი რამ კი, ევროპა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა. ახლა გამოცდილი მცველი უეფას გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომელიც წესით მას კარგს არაფერს უნდა უქადდეს.

0.131646