დონეცკის “შახტარის” მცველმა დავით ხოჭოლავამ “ფეიენოორდთან” (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, “შახტარი” შეხვედრას სრულად აკონტროლებდა და გამარჯვებაც დაიმსახურა.
“შახტარი’ შეხვედრას პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდა. მთავარია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ მობილიზება და წინ გასვლა მალევე მოვახერხეთ. პირველ ტაიმის მოგება უფრო დიდი ანგარიშით შეგვეძლო. მეორე ნახევარში კი “ფეიენოორდმა” უკეთ ითამაშა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ბევრი არ ჰქონია. საბედნიეროდ, მესამე გოლის გატანაც შევძელით. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად ერთი ქულაც საკმარისი იქნება, მაგრამ ნეაპოლში გამარჯვებისთვის ვითამაშებთ და არა ერთი ქულისთვის”, - ციტირებს ხოჭოლავას სიტყვებს “შახტარის” ვებგვერდი.
ხოჭოლავამ ჰოლანდიის ჩემპიონის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო.“შახტარი” 4 ტურის შემდეგ “ნაპოლის” 6 ქულით უსწრებს, თუმცა პლეი-ოფში თამაშის უფლება ოფიციალურად ჯერ არ მოუპოვებია.