"საბურთალოს" ახალგაზრდულმა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპის პირველი მატჩი სერბულ "ბროდარაცთან" სტუმრად 1:1 ითამაშა, რაც ქართულ კლუბს 22 ნოემბერს, თბილისში გასამართ საპასუხო შეხვედრაში გარკვეულ უპირატესობას უქმნის. სერბეთში გამართული მატჩის შესახებ საბურთალოელთა მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა:
- ვფიქრობ, სტუმრად ფრე ნორმალური შედეგია. პირველი ტაიმი არ იყო ისეთი, როგორიც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მეორე ნახევარში გამოვასწორეთ მდგომარეობა და მთლიანად ჩვენი უპირატესობით წარიმართა დარჩენილი დრო.
- ცოტნე კაპანაძე და გიორგი გულიაშვილი თადარიგში იყვნენ, არადა ეს ფეხბურთელები ძირითადის თერთმეტეულად მოიაზრებიან. რით იყო განპირობებული?
- ეს ფეხბურთელები 17 წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდნენ, ორივე მათგანმა სამივე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. გადაღლილები იყვნენ და დასვენების საშუალება მივეცით. გათვლა გვქონდა, რომ მეორე ნახევარში შეგვეყვანა გულიაშვილიც და კაპანაძეც.
- "ბროდარაცზე" რას იტყვით, მეტოქემ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- რასაც ველოდი, ის გუნდი იყო. მეტოქე ხისტ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. მებრძოლო გუნდია, სერბები გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით.
- თბილისში როგორ მატჩს ელით?
- რთული იქნება განმეორებითი შეხვედრა. გავაანალიზებთ დღევანდელ მატჩს, სასურველ ტაქტიკას ავირჩევთ და იმ ფეხბურთის თამაშს ვეცდებით, რასაც ჩვენი კლუბი თამაშობს.