კალათბურთი

20:22 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მესამე მარცხი ფიბა ევროპის თასზე

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” ფიბა ევროპის თასზე კიდევ ერთი მატჩი წააგო. ირაკლი ხოშტარიას გუნდი ამჯერად თურქულ “ისტანბულს” ესტუმრა და სოლიდური სხვაობით დამარცხდა – 52:72.

“დინამომ” მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა პირველ მეოთხედში გაუწია, რომელიც ოდენ ორი ქულის სხვაობით დათმო. სამაგიეროდ, მასპინძელთა უპირტესობა თვალსაჩინო გახდა მეორე მეოთხედში (22:9). შესაბამისად, თბილისელები 15-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ დიდ შესვენებაზე და იმთავითვე ნათელი იყო, რომ თამაშის გადარჩენა ძალზე ძნელი იქნებოდა.

ასეც მოხდა – “დინამოს” მეორე მეოთხედის ჩაგდება ძვირად დაუჯდა და ჩამორჩენა ვეღარ ამოქაჩა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ქართული გუნდი თითქმის თანაბრად ეთამაშა მეტოქეს, ეს საკმარისი არ იყო.

თბილისის “დინამოს” რიგებში საუკეთესო ლევან ფაცაცია იყო, რომელმაც 12 ქულა, 2 მოხსნა და პასი შესძინა გუნდს. აღსანიშნავია, რომ მის გარდა, 10 ქულიან ზღვარს ვერცერთი “დინამოს” კალათბურთელი ვერ გადასცდა. თუმცა, აღნიშნულ ნიშნულთან ახლოს იყვნენ, გაჩეშა (9 ქ, 7 მ), ბერიშვილი (8 ქ, 8 მ, 2პ), გოგოძე (7 ქ, 3 მ, 4 პ) და ტურპინი (9 ქ, 6 მ, 1პ).

“დინამოს” ფიბა ევროპის თასის გათამაშების E ჯგუფში სამი ტურის შემდეგ ბოლო, მეოთხე ადგილი უკავია. ქართული გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, თბილისში, ბულგარულ “ლუკოილ აკადემიკთან” ჩაატარებს.

“ისტანბული” – “დინამო” 72:52 (15:13, 22:9, 17:17, 18:13)

მატჩის სტატისტიკა

0.123693