ფეხბურთი

16:19 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია პრემიერლიგის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის XV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. “ზენიტთან” მოგებულ მნიშვნელოვან მატჩში ქართველი ფეხბურთელის კარგი თამაში ავტორიტეტულმა გამოცემებმა sport-express-მა და championat.com-მა გამოარჩიეს.

“გაუმკლავდა ძიუბას როგორც პოზიციურ, ასევე საჰაერო ორთაბრძოლებში. არაერთხელ შეძლო ფლანგელი მცველების დაზღვევა და მათი შეცდომების გამოსწორება” - წერს კვირკველიას შესახებ sport-express-ი, რომელმაც სოლომონი მიმდინარე სეზონში უკვე მეექვსედ დაასახელა ტურის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის.

“სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო გუნდის დაცვის ლიდერია და ამას მუდმივად ამტკიცებს. “რკინიგზელები” ამ სეზონში ცოტა გოლს უშვებენ, მათი კარის აღება ვერც “ზენიტმა” შეძლო” - ეს ვალერი გაზაევის სიტყვებია, რომელიც ყოველი ტურის შემდეგ championat.com-ისთვის ადგენს სიმბოლურ ნაკრებს.

შეგახსენებთ, “ლოკომოტივმა” მე-15 ტურის შეხვედრაში უშუალო კონკურენტი “ზენიტი” 3:0 დაამარცხა, 3 ქულით გაუსწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა. ქართველი მოთამაშის გუნდს პირველი წრის შემდეგ 32 ქულა აქვს.

0.111671