კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ “ოლიმპიაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბერძნულ კლუბში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და როგორც მეტოქის, ასევე ადგილობრივი გულშემატკივრების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.
“ჩემთვის ეს ემოციური შეხვედრაა, რადგან ამ სტადიონზე ბევრი მატჩი ჩამიტარებია. “ოლიმპიაკოსი” ანგარიშგასაწევი მეტოქეა და ადვილად გამარჯვების საშუალებას არ მოგვცემს, თუმცა ვიმედოვნებ, 3 ქულას მოვიპოვებთ.
ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივრები თბილად შემხვდებიან, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ისინი თავიანთ გუნდს მხურვალედ უგულშემატკივრებენ.
კონკრეტულ მატჩს ვერ გავიხსენებ, თუმცა “ოლიმპიაკოსთან” ერთად საბერძნეთის სუპერთასი 3-ჯერ და საბერძნეთის თასი 2-ჯერ მაქვს მოპოვებული. ყველაზე მეტად მახსოვს გულშემატკივრები, რადგან ესპანელებთან შედარებით ისინი უფრო ვნებიანები არიან. არამარტო ფეხბურთში”, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც “ოლიმპიაკოსს” 2008-2009 და 2010-2012 წლებში თავკაცობდა.
შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიაკოსისა” და “ბარსელონას” მატჩი დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.