ფეხბურთი

22:59 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: თამაში და სკოლა

როგორ გვინდოდა, ქართველ ჭაბუკებს იტალიაც დაემარცხებინათ... სწორედ აქ უნდა გამოჩენილიყო, რამდენად შეეძლო გიორგი ნემსაძის გუნდს ევროპის ერთ-ერთი გრანდი ქვეყნის თანატოლებთან ტოლ-სწორად თამაში. ჩვენებმა წააგეს, მაგრამ თამაშით არ შერცხვენილან...

როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ელიტრაუნდში გავიდა, იტალიაც გასული იყო და ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში მხოლოდ პირველ-მეორეობა წყდებოდა.

ნემსაძემ ტაქტიკა შეცვალა და ოთხი მცველი დააყენა. მათ წინ ორი საყრდენი იყო და სამი შემტევი ნახევარმცველი, ხოლო გამოკვეთილ ფორვარდად გიორგი გულიაშვილი გახლდათ.

იტალიელთა უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა, ისინი უფრო მარტივად, ერთ შეხებაში პასებით ახერხებდნენ სწარფი შეტევების განვითარებას. ორივე გოლი პირველი ტაიმის ბოლო მონაკვეთში გაიტანეს. ჯერ ხანგრძლივი შეტევის მერე გისლანდიმ შორიდან დააქუხა და ცხრიანში შეაგდო (0:1), მერე კი ვერგანიმ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა (0:2).

ქართველებს ყველაზე მეტად მოედნის შუაში უჭირდათ – ცენტრში აშკარა უპირატესობა ჰქონდათ სტუმრებს.

და მაინც, მომენტები გვქონდა. კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან ანზორ მექვაბიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ბოლოს ზურიკო დავითაშვილმაც, ხოლო ერთ მომენტში გულიაშვილმა და დავითაშვილმა ერთმანეთს შეუშალეს ხელი.

ჩვენებიდან გამოირჩეოდნენ მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე და შემტევი კვარაცხელია. რამდენჯერმე დავითაშვილმაც კარგად გაჭრა მეტოქის ნახევარდაცვა.

ჩანდა კონტრასტი ქართველ და იტალიელ ჭაბუკებს შორის. არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ტაქტიკური თვალსაზრისითაც. თუმცა ეს საკვირველი სულაც არაა: ისიც საქმეა, რომ ლატვია და მონტენეგრო ჩამოვიშორეთ. მთლიანობაში, ნემსაძის გუნდმა კარგი მატჩები ჩაატარა და ის ადგილი დაიკავა, რომელიც ეკუთვნოდა. იტალიელებთან თამაში კი კარგი სკოლაა.

ჯერ ადრეა იმის თქმა, ამ ნაკრებიდან რომელი ფეხბურთელი როგორ ითამაშებს. 16 წლისანი არიან, ზოგიერთი 15-ისაა და გააჩნია, ვინ როგორ იმუშავებს თავის თავზე, როგორ მიუდგება საქმეს, რამდენად აირიდებს ტრავმებს, რამდენად ეყოფა მოთმინება წინაღობებისთვის...

როგორი იქნება ჯგუფები ელიტ-რაუნდში, ამას წილისყრა გაარკვევს 6 დეკემბერს.

17-წლამდელები. ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

თბილისი. მიხეილ მესხი

საქართველო – იტალია 0:2 (0:2)

საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ჩოთალიშვილი 80), შვარცი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი

მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

იტალია: ჯელმი, ბარაძეტა (მიჩელოტი 46), არმინი, სეპრე, პონსი, გისლანდი (ტონინი 67), გიაბუა, კორტინოვისი (ლეონე 79), გრეკო, სანდრი, ვერგანი

მწვრთნელი: კარმინე ნუნძიატა

გოლები: 0:1 გისლანდი (32), 0:2 ვერგანი (40 პენ)

გაფრთხილება: შალიკაშვილი – ბარაძეტა, სანდრი, გრეკო

მსაჯი: ლამბერტსი

0.119725