საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც იცით, კაშია საზოგადოების ერთმა ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ "ვიტესის" კაპიტანს, ჰოლანდიის ერედივიზიონში მოასპარეზე სხვა გუნდების კაპიტნების მსგავსად, მე-8 ტურის მატჩში ლგბტ თემის ფერებიანი სამკლავური ეკეთა.
გთავაზობთ პრეზიდენტის განცხადებას: "მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.
ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით.
მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტნს გურამ კაშიას."