ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მე-7 ტურის მატჩში “ატლანტა ჰოუქსმა” “მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და 106:117 დამარცხდა.
მთელი შეხვედრა სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა და მათი გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა. “მილუოკი” უკანასკნელი პერიოდის წინ 19-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ბოლო მონაკვეთში მასპინძლებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს.
ბრწყინვალედ ითამაშა “მილუოკის” ვარსკვლავმა იანის ადეტოკუმბომ, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო. ბერძენმა კალათბურთელმა 38:19 წუთი ითამაშა და ამ დროის განმალობაში 33 ქულას, 11 მოხსნას და 5 გადაცემას მოუყარა თავი. იანისმა თვრამეტიდან ცამეტი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო.
ადეტოკუმბოს შემდეგ ყველაზე შედეგიანი იყო მისი გუნდელი კრის მიდლეტონი: 37 წუთი, 27 ქულა, 7 მოხსნა და 9 გადაცემა. “ატლანტადან” ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი დენის შრიოდერი გამოირჩეოდა. გერმანელმა მოთამაშემ 35 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 2 მოხსნა და 8 გადაცემა შესძინა.
“მილუოკი” 4 მოგებით და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო “ატლანტა” იმავე კონფერენციაში 1 მოგებით და 6 წაგებით უკანასკნელ პოზიციაზეა.