მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩანაცვლებას, უეფას მსგავსად, ახალი ტურნირით გეგმავს. ფიფას ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ამხანაგური შეხვედრები, რაც დრო გადის, ნაკლებად პოპულარული ხდება და ცვლილებები აუცილებელია.
განიხილება მსოფლიო ლიგის შექმნის იდეა, რომელიც სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება და თამაშები წლის განმავლობაში გაიმართება. ისევე როგორც უეფას ევროპის ერთა ლიგის შემთხვევაში, გუნდები მსოფლიო ლიგაშიც რეიტინგის მიხედვით დივიზიონებად დაიყოფიან.
შეგახსენებთ, რომ უეფამ ერთა ლიგა სწორედ ამხანაგური შეხვედრების ნაცვლად შექმნა. ტურნირის საბოლოო ფორმატი ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გასულ თვეში დაამტკიცა, 24 იანვარს კენჭისყრა გაიმართება, მატჩები კი 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგა გუნდებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის დამატებითი შანსია.