ესპანეთის ლიგა ენდესას მეექვსე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა “უნიკახამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ესტუდიანტესი” (89:70) პრობლემების გარეშე დაამარცხა.
ჩინებულად გაისარჯა ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი. ჩვენებური, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, 18:25 წუთით ვიხილეთ პარკეტზე. გიორგიმ ხსენებულ დროში თავი კარგად წარმოაჩინა: 16 ქულა მიითვალა, რასაც 8 მოხსნა და 1 დაფარება დაამატა.
ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 8 საჯარიმოდან ყველა კალათში მოათავსა. მოხსნების ნახევარი კი (4) მეტოქის ფარზე მიითვალა.
შერმადინი შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელ ნემანია ნედოვიჩს (18 ქულა) ჩამორჩა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა – 20. შესაბამისად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა. ეს მატჩი უდაოდ საუკეთესო იყო, რომელიც ქართველმა კალათბურთელმა “უნიკახას” მაისურით ჩაატარა.
ანდალუზიელებს 6 ტურის შემდეგ 4 მოგებითა და 2 წაგებით მეხუთე პოზიცია უკავიათ. “უნიკახა” მომდევნო ტურში 5 ნოემბერს, თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” დაუპირისპირდება.