კალათბურთი

23:20 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP

ესპანური “სასკი ბასკონიას” კრიზისს დასასრული არ უჩანს. ბასკებმა მორიგი შეხვედრა წააგეს, ამჯერად საკუთარ მოედანზე “სარაგოსასთან”. ლიგა ენდესას მეექვსე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში არაგონელებმა 78:73 იმძლავრეს.

“ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია კვლავაც კარგი თამაშით გამოირჩა, მაგრამ უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი კალათბურთელის აქტივობა შედეგის მომტანი არაა.

შენგელიამ 28:26 წუთი ითამაშა და ამ დროში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 21 ქულა, 10 მოხსნა და 2 ჩაჭრა. თორნიკემ კარგად ითამაშა შეტევაში, 11-დან 7 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ისევ აქილევსის ქუსლი იყო სამქულიანები: ორიდან მიზანს ვერცერთმა უწია. 10-დან 5 მოხსნა კი მეტოქის ფარზე მიითვალა.

ჩვენებური შედეგიანობის მხრივ მხოლოდ “სარაგოსელ” გარი ნილს ჩამორჩა (25 ქულა), თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა, 25 და შესაბამისად, მატჩის MVP შენგელია გახდა.

“ბასკონიას” ლიგა ენდესაში 6 ტურის შემდეგ 2 მოგება და 4 წაგება აქვს. ეს კი მხოლოდ მე-13 ადგილისთვისაა საკმარისი. ბასკები ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, “უნიკახასთან” გამართავენ.

0.125846