ფეხბურთი

0:19 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: შეუჩერებელი “სიტი” და ვენგერის მე-800

პრემიერლიგის მე-10 ტურის ცენტრალური დაპირისპირება “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ტოტენჰემს” დაუხვდა და შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით აჯობა.

ორივე გუნდს 20-20 ქულა ჰქონდა და მეორე-მესამე ადგილებს იყოფდნენ. “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილმა პუბლიკამ ორივე განსხვავებული ტაიმი იხილა: პირველში უკეთ სტუმრები თამაშობდნენ, ხოლო მეორეში – მასპინძლები.

როგორც ითქვა, საწყის 45 წუთში ტერიტორიულ უპირატესობას “დეზები” ფლობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ და რეალური საგოლე შანსი არც ჰქონიათ: ერთადერთი შედარებით კარგი მომენტი მუსა სისოკოს შეექმნა და ისიც დავიდ დე ხეას და ფილ ჯონსის შეუთანხმებელ თამაშს მოჰყვა, მაგრამ ფრანგმა მოთამაშემ ამით ვერ ისარგებლა და ესპანელი კიპერის კარს ზემოდან გადააცილა.

მეორე ნახევარის დაწყებისთანავე “იუნაიტედი” გააქტიურდა და 55-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს სულ ცოტა დააკლდა ანგარიშის გასახსნელად: ბელგიელმა მოთამაშემ ჰენრიხ მხიტარიანის გადაცემის შემდეგ ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა და სტუმრები გადარჩნენ. “წითელი ეშმაკები” იერიშებს განაგრძობდნენ და 65-ე წუთზე ანტონიო ვალენსიას დააკლდა ცოტა მიზნამდე, ხოლო 72-ე წუთზე ლუკაკუს უგო ლორისმა აჯობა. 77-ე წუთზე კი “ტოტენჰემმა” შეუტია და დელე ალის გოლის გატანის ისეთი შანსი ჰქონდა, როგორიც განვლილ წუთებში არავის ჰქონია, მაგრამ კრისტიან ერიკსენის ჩინებული გადაცემა დელე ალიმ კარგად ვერ შეირგო და დაახლოებით ხუთი მეტრიდან ააცილა. “იუნაიტედმა” მეტოქეს საკადრისად ზუსტად ორ წუთში უპასუხა და 79-ე წუთზე ლუკაკუს თავური ძელს მოხდა.

“იუნაიტედმა” ორ წუთში მაინც შეაგდო და ისეთი სიტუაციიდან, რომელიც თითქოს ხიფათს საერთოდ არ მოასწავებდა: სულ სამი შეხება და ბურთი უგო ლორისის კარში აღმოჩნდა – დავიდ დე ხეამ საკუთარი საჯარიმოდან განაახლა თამაში, საჰაერო ორთაბრძოლა რომელუ ლუკაკუმ მოიგო და ანტონი მარსიალს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც პოზიციურად ერიკ დაიერს აჯობა და შემდეგ ლორისი უშანსოდ დატოვა – 1:0.

საიუბილეო შეხვედრა ჰქონდა არსენ ვენგერს, რომელიც “არსენალს” მე-800-ედ გაუძღვა პრემიერლიგის მატჩებში. 11 მატჩიც და ფრანგი სპეციალისტი ამ მაჩვენებლით სერ ალექს ფერგიუსონს გადაასწრებს. ლონდონელებმა პირველი ნახევარი შინ “სუონსისთან” წააგეს, თუმცა მეორე ტაიმში კოლოშინაცმა ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო შემდეგ აარონ რემსის გაატანინა და გამოცდილ მწვრთნელს საიუბილეო მატჩი 3 ქულით მიულოცეს – 2:1.

შეუჩერებელია “მანჩესტერ სიტი”, რომელმაც ზედიზედ მერვე მატჩში იმარჯვა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი “ვესტ ბრომვიჩს” ესტუმრა და 3 ქულის მოპოვება უხვგოლიან მატჩში მოახერხა. ანგარიში მე-10 წუთზე ლეროი სანემ გახსნა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე იყოჩაღა და შემდეგ ფოსტერი უშანსოდ დატოვა. წონასწორობა სამ წუთში აღდგა: ჯეი როდრიგესმა დაცვის უყურადღებო თამაშით ისარგებლა, გარეტ ბერის პასით დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ედერსონს ბურთი თავზე გადაუგდო. მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა და მე-15 წუთზე ფერნანდინიოს შორეულ დარტყმას ფოსტერის არადამაჯერებელი თამაში და გოლი მოჰყვა. “ქალაქელებმა” 64-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსული რაჰიმ სტერლინგის გოლით კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს, ხოლო 92-ე წუთზე ფილიპსმა ნიკოლას ოტამენდის უხეში შეცდომა შეირგო და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 2:3.

“ლივერპული” “ენფილდ როუდზე” “ჰადერსფილდს” დაუხვდა და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სამი უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო ლონდონის “ჩელსიმ” ედენ აზარის გოლით გასვლაზე “ბორნმუთს” აჯობა. ასე რომ, დიდი ექვსეულიდან “ტოტენჰემის” გარდა ყველამ მოიგო და დღევანდელმა დღემ ლოგიკური შედეგებით ჩაიარა.

“სტოკ სიტი” გასვლაზე “უოტფორდს” შეხვდა და ვეტერანი დარენ ფლეტჩერის გოლით იმარჯვა, ხოლო “კრისტალ პალასის” და “ვესტ ჰემის” ლონდონურ დერბიში, მასპინძლებმა ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ მე-7 დამატებულ წუთზე მოახერხეს.

მანჩესტერ იუნაიტედი – ტოტენჰემი 1:0 (0:0)

გოლი: მარსიალი (81)

არსენალი – სუონსი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კლუკასი (22), 1:1 კოლოშინაცი (51), 2:1 რემსი (58)

კრისტალ პალასი – ვესტ ჰემი 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჩიჩარიტო (31), 0:2 ა.აიუ (43), 1:2 მილივოიევიჩი (50 პენ.), 2:2 ზაჰა (97)

ლივერპული – ჰადერსფილდი 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 სტარიჯი (50), 2:0 ფირმინო (58), 3:0 ვეინალდუმი (75)

42-ე წუთზე სალაჰმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

უოტფორდი – სტოკი 0:1 (0:1)

გოლი: დ.ფლეტჩერი (16)

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ სიტი 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 სანე (10), 1:1 ჯ.როდრიგესი (13), 1:2 ფერნანდინიო (15), 1:3 სტერლინგი (64), 2:3 ფილიპსი (92)

ბორნმუთი – ჩელსი 0:1 (0:0)

გოლი: აზარი (51)

0.120442