საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) აბუ დაბის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ 22 წლის ქართველ ძიუდოისტს არაბულ ტატამზე უმაღლეს ტიტულამდე ესპანეთის ნაკრების წევრ ნიკოლოზ შერაზადიშვილის ძლევა დააკლდა.
ფინალის გზაზე ღვინიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. ბრაზილიელ ედუარდო ბეტონის წუთსა და 20 წამში მოუმთავრა საქმე. ტაჯიკ კომრონსოხ უსტოპირიონს 3 წუთსა და 38 წამში სძლია. რუს ალექსანდრ როსლიაკოვს კი "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით აჯობა.
ფინალში ბექა ღვინიაშვილი მესამე წუთის მიწურულს, სუფთა გდებით დამარცხდა. გადამწყვეტ გდებამდე, შერაზადიშვილმა ერთხელ კონტრ-ილეთით ვაზარიც აიღო.
აბუ დაბის გრან სლემზე მეორე საპრიზო ადგილის დაკავებით, მსოფლიოს რეიტინგში მე-16 ადგილზე მყოფმა ქართველმა ძიუდოისტმა მოწინავე ათეულში შესვლა გაინაღდა.
დღესვე, აბუ დაბის ტატამზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანიც გავიდა, მაგრამ წარუმატებლად - პირველსავე შეხვედრაში, უილეთო ბრძოლაში "ოქროს დროში” მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა იტალიელ ჯულიანო ლოპორჩიოსთან.
საქართველოს ნაკრები პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე სულ 6 სპორტსმენით გამოვიდა და პოდიუმზე 2 მათგანი ავიდა. სამდღიანი გრან სლემის პირველ დღეს, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.