სუპერლიგის დებიუტანტი მარნეულის „დელტა“ ჯერ აგებს. სამი თამაში, სამი წაგებული ტესტი და ახალი გამოწვევა „ოლიმპის“ სახით. კარგი, ახალგაზრდა გუნდი, რომელიც სეზონის წინ მიშა ჭოჭუათი და მერაბ ბოქოლიშვილით გაძლიერდა.
„ოლიმპთან“ თამაშზე „დელტას“ ბიჭები საუბრობენ.
ნიკ ნილი (დელტა): „სოხუმთან“ მძიმე თამაშის შემდეგ, უკვე მთლიანად ვართ გადართულები შემდეგ გუნდზე. ვუყურეთ წინა თამაშის ჩანაწერს, ყველაფერი გავიარეთ, გავაკეთეთ დასკვნები. უნდა გავაუმჯობესოთ დაცვაში თამაში და გუნდმა ეს იცის. „ოლიმპი“ კარგი გუნდია. კარგი დაცვით, საკმარისი სიღრმით. და მე ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი მზად არის მოსაგებად. უკეთესი დაცვით, ნაკლები შეცდომით ჩვენ შეგვიძლია მოგება. უფრო ფოკუსირებულები ვიქნებით პატარა დეტალებზეც. ჩვენთვის ეს დიდი თამაშია.“
საბა ლობჯანიძე (დელტა): „ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული და ბრძოლისუნარიანია. უბრალოდ, დრო გვჭირდება რომ ყველაფერი დაბალანსდეს. ვფიქრობ, ბევრ გუნდს მოვუგებთ და ცხრილშიც ავიწევთ. კი, 3 თამაში წავაგეთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია სტარტისთვის, დებიუტანტისთვის. პირველივე შეხვედრა გვქონდა ჩემპიონთან, შემდეგ გასვლა „რუსთავთან“ და ოდნავ მტკივნეული წაგება „სოხუმთან“. „ოლიმპი“? მოგების შანსი გვაქვს. ვიბრძოლებთ. გპირდებით, რომ მთელი გუნდი იბრძოლებს.“
ტესტი ხვალ, ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 საათზე დაიწყება. მოდით, საინტერესო იქნება. „დელტა“ უმატებს.