საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” ფიბა ევროპის თასზე მეორე თამაში წააგო. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა საკუთარ მოედანზე რუმინული “კლუჟ ნაპოკა” მიიღო და წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 73:87.
რუმინელები არათუ ამ შეხვედრაში, არამედ მთლიანად ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევიან და დიდად მოულოდნელი შედეგი არ ყოფილა სტუმართა გამარჯვება. “კლუჟმა” კლანჭები თავიდანვე გამოაჩინა და ნათელი იყო, რომ “დინამო”, რომელიც ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილების ნაკლებობას განიცდის, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ასეც მოხდა – თბილისურმა კლუბმა პირველ მეოთხედში მხოლოდ 11 ქულა დააგროვა, მაშინ, როდესაც საკუთარ კალათში 32 ქულა მიიღო. მეორე პერიოდიც ასეთი სცენარის გამოდგა, ოღონდ “დინამომ” ამჯერად უფრო მოკრძალებული სხვაობით წააგო – 15:23. შესაბამისად, პირველი ტაიმი “კლუჟმა” 55:26 მოიგო. 29 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა კი თუნდაც კალათბურთში, თითქმის შეუძლებელია.
მეორე ტაიმში სასწაული არ მომხდარა. უბრალოდ, რუმინელები მოეშვნენ და ძალების დაზოგვაზეც დაიწყეს ფიქრი. შესაბამისად, “დინამოს” უფრო თავისუფლად თამაშის საშუალება მიეცა და სოლიდური სხვაობა საბოლოოდ 14 ქულამდე შეამცირა – 73:87.
E ჯგუფის მეორე შეხვედრაში “ისტანბულმა” საკუთარ მოედანზე ბულგარული “ლუკოილი აკადემიკი” ადვილად 81:69 დაამარცხა. აღნიშნულ ქვეჯგუფს ორი ტურის შემდეგ რუმინული “კლუჟი” ლიდერობს ორიდან ორი გამარჯვებით. “ისტანბულისა” და “ლუკოილ აკადემიკის” აქტივში თითო გამარჯვების წილ, თითო მარცხია, ხოლო თბილისის “დინამო” ჯერჯერობით ორი წაგებით მეოთხე ადგილზე იმყოფება.
"დინამო" მესამე ტურის მატჩს 1 ნოემბერს, სტუმრად "ისტანბულთან" ჩაატარებს.
“დინამო” – “კლუჟ ნაპოკა” 73:87