საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ლატვიასთან (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ქართველი სპეციალისტი შედეგით კმაყოფილი დარჩა, თუმცა აღნიშნა, რომ მის გუნდს თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელი აქვს.
“რთული თამაში იყო – ლატვიასთან თამაში აქამდეც არაერთხელ მოგვიწია და ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. აქედან გამომდინარე ვიცოდი, რომ კონტრშეტევბზე ითამაშაბდნენ. პირველ ტაიმში გვქონდა, რამდენიმე შანსი მეორე გოლის გატანის, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ამან, ბუნებრივია საქმე გაართულა, რადგან სხვაობა მხოლოდ ერთი ბურთი იყო. ფეხბურთელებიც ცოტა ნერვიულობდნენ.
მეორე ტაიმის გამო უკმაყოფილო ვარ, რადგან ბურთზე კონტროლი კარგად ვერ დავამყარეთ და ამიტომ, რამდენიმე სახიფათო შეტევა მივიღეთ საკუთარ კართან. თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ – პირველი თამაში იყო და ეს ყოველთვის რთულია. დასკვნებს გავაკეთებთ და მომავალში უფრო დახვეწილ ფეხბურთს ვაჩვენებთ. მინდა, ბიჭებს მადლობა ვუთხრა, რადგან ყველაფერი გაიღეს, რომ დღევანდელი თამაში მოეგოთ.
მონტენეგროს დღეს მხოლოდ ერთი ტაიმის განმავლობაში ვუყურეთ. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც ძირითადად კონტრშეტევაზე თამაშობს. ვფიქრობ, დაახლოებით ისეთი გუნდია, როგორიც ლატვიის ნაკრებია”, - განაცხადა ნემსაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მონტენეგროს ნაკრებთან გამართავს.