ფეხბურთი

22:03 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მატჩი 73-ე წუთამდე და 73-ე წუთის შემდეგ

ქუთაისის “ტორპედო” ორჯერ აგებდა თბილისის “ლოკომოტივთან”, მაგრამ საბოლოოდ 4:2 იმარჯვა. 73-ე წუთიდან მოყოლებული, ქუთათურებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგი დევდარიანის გუნდი ლამის განახევრებული იყო, რაზეც უკვე ვწერდით.

დისკვალიფიკაცია ჰქონდათ სამურკასოვსა და ჭანტურიას, ხოლო ტრავმირებულნი იყვნენ ქურდაძე, ღონღაძე, რეხვიაშვილი, კომახიძე, დიასამიძე, არველაძე და გავაშელიშვილი. ყენია და არდაზიშვილი კი, როგორც იცით, კარგა ხნის დაშავებულნი არიან.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში, როცა გიორგი გოროზიას პასს თავური შეაგება. მეორე ტაიმში როლები შეცვალეს, ამჯერად გოროზიამ შეაგდო სიხარულიძის გადაცემით – გიორგიმ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაურტყა როინ კვასხვაძეს.

ამ ორ გოლს შორის იყო თორნიკე კაპანაძის გოლი. მან თავით გაიტანა გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ.

73-ე წუთამდე იგებდა “ლოკო” და მშვენივრად მეკარეობდა რევაზ თევდორაძე. თუმცა მანაც ვეღარაფერი მოახერხა. 37 წლის შოთა ბაბუნაშვილმა საჯარიმო დარტყმა ტექნიკურად შეასრულა და 2:2. ყოჩაღ, ბაბუნაშვილს, სამი წუთის შესული იყო მინდორზე და ლამაზი, ამასთან, მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

85-ე წუთზე გიორგი ქიმაძე ფლანგზე, მოკლე მონაკვეთზე გასცდა რევაზ ჩიტეიშვილს, მეკარის ბაქანთან გააკეთა პასი და კაპანაძემ დასწრებაზე შეაგდო. ბოლოს კი კაპანაძის პასს მოჰყვა გიორგი კუხიანიძის გამოზომილი დარტყმა – 4:2.

ეროვნული ლიგა. 31-ე ტური

ქუთაისი. რამაზ შენგელია

ტორპედო (ქუთაისი) – ლოკომოტივი (თბილისი) 4:2 (0:1)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გ.გურული, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, კუხიანიძე, დოლიძე, კუჭუხიძე (ბერიაშვილი 17), ბერიაშვილი (მამასახლისი 60), კვირკვია (ბაბუნაშვილი 70)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე (ჩიტეიშვილი 61), ხიდეშელი, ლ.ქურდაძე, კობახიძე, უბილავა, ანდრონიკაშვილი (ვარძელაშვილი 53), გოროზია (გაბრიჩიძე 79), გვალია, ქავთარაძე, სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 0:1 სიხარულიძე (10), 1:2 კაპანაძე (47), 1:2 გოროზია (56), 2:2 ბაბუნაშვილი (73), 3:2 კაპანაძე (85), 4:2 კუხიანიძე (90+4)

გაფრთხილება: გოროზია

მსაჯი: ხორავა

0.136705