ფეხბურთი

12:39 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე და "ჩელსი": იტალიელს აუჯაყნდნენ?

ლონდონის “ჩელსისა” და ანტონიო კონტეს თავს შავი ღრუბლები გროვდება. ბოლო პერიოდში ინგლისური მედია აქტიურად მიანიშნებს, რომ იტალიელი სპეციალისტი ლონდონში ბოლო სეზონს ატარებს. ამაზე, რამდენჯერმე მინიშნება კონტემაც გააკეთა და ახსენა, რომ სამშობლო მოენატრა.

თუმცა, ოდნავ მოგვიანებით პირველი “ჩვენება” ოდნავ შეცვალა და დაამატა, რომ ჯერ ისევ “ჩელსიში” მუშაობა სურს. ესეც რომ არ იყოს, ფაქტია, “არისტოკრატები” ვერ გამოიყურებიან ისე, როგორც გასულ სეზონში.

ლონდონური გრანდი უკვე საგრძნობლად ჩამორჩა ლიდერ “სიტის” (8 ტურის შემდეგ 9 ქულაა სხვაობა), რასაც ჩემპიონთა ლიგაზე “რომასთან” საშინაო ფრე და არადამაჯერებელი თამაში დაემატა. გარდა ამისა, იმავე შეხვედრაში კონტემ დავიდ ლუიზი და ედენ აზარი შეცვალა, რამაც ორივე ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია – მავანთა თქმით, ბრაზილიელმა იტალიელი სპეციალისტის მიმართ უშვერი სიტყვებიც არ დაიშურა.

წარუმატებლობის კიდევ ერთ ფაქტორად ხშირი ტრავმიანობა სახელდება – “ჩელსის” უკვე სეზონის სტარტზე მართლაც ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუგროვდა. ინგლისელი ჟურნალისტები კი, ამას კონტეს საწვრთნელ პროცესს უკავშირებენ: მათი ვარაუდით, იტალიელის მეთოდები ზედმეტად მკაცრია და ფეხბურთელები დატვირთვას ვერ უძლებენ. გარდა ამისა, ამბობენ იმასაც, რომ მოთამაშეთა გარკვეული ნაწილი (მათ შორის გუნდის ლიდერები) სწორედ კონტეს ვარჯიშის მეთოდებით არიან უკმაყოფილინო.

თუმცა, ანტონიომ ამაზე მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა – ჩვენ შარშანაც ასეთივე საწვრთნელი პროცესი გვქონდა, ეს ჩემი მეთოდია და ამ მეთოდმა უკვე მოგვიტანა ერთი ტიტულიო...

მოკლედ, ვნახოთ დაალაგებს თუ არა, “გიჟი” იტალიელი სიტუაციას ლონდონურ გუნდში და შეძლებს თუ არა, “ჩელსი” შარშანდელივით ათამაშებას. სხვა შემთხვევაში, ინგლისური მედიის ვარაუდი გამართლდება და აპენინელს ბარგის ჩალაგება მოუწევს.

0.113991