2001 წლის 6 ივნისი...
ზღაპრული Crossover...
ლუ ნორმალურ დაცვას თამაშობს და დაფარებას ცდილობს...
უშედეგოდ... ბურთი კალათში ჩადის....
აივერსონი "ფილადელფიას" ფინალური სერიის პირველ მატჩში გამარჯვებას ჩუქნის, ჩვენ კი სამახსოვროდ ლეგენდარულ "გადაბიჯებას" გვიტოვებს, რომელიც ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელ აღნიშვნად იქცევა... 16 წლის შემდეგ ლუ უკვე მწვრთნელის რანგში მწვერვალზე ასვლას ცდილობს, აივერსონი Ice Cube-ის BIG 3 League-ს "უბერავს", "სიქსერზი" კი დრაფტებზე უმაღლეს პიკებს აგროვებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ლუმ და "ფილადელფიამ" ადგილები გაცვალეს და ეს პენსილვანიაში არავის მოსწონს. უფრო სწორად, ფსკერზე ყოფნა არ ანიჭებთ სიამოვნებას, თორემ ტაირონი სად და როგორ იქნება, ეჭვი მაქვს, ნაკლებად ადარდებთ. ჰოლიდეი-მიქსი-იგუოდალა-ჰოუზი-ბრენდი ეს "ფილადელფიას" იმ ბოლო თაობის ძირითადი ხუთეულია, რომელმაც რაღაც ღირებულს მიაღწია - რეგულარულში მე-8 ადგილი და "ჩიკაგო". როუზის ტრავმა, 4:2 და "სელტიქსი". დაძაბული სერია, Game 7 baby, კელტების გაქცევა ბოლო მეოთხედში და "ფილას" მარცხი. კონფერენციის ნახევარფინალი. ვერაფერს იტყვი, ნორმალური შედეგია, თუმცა იგუოდალას კალიბრის კიდევ ერთი, უფრო შეტევაზე ორიენტირებული ვარსკვლავი და ამ გუნდს გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო. სკამიდან ბიჭებს ევან ტერნერი, ლუ უილიამსი, ანდრეს ნოჩიონი, ტადეუშ იანგი და ლევოი ალენი ეხმარებოდნენ. ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც სეზონის ბოლოს გარდასახვა და განვითარება გადაწყვიტა, მაგრამ სულელური გადაწყვეტილებებისა და უიღბლობის შედეგად "სიქსერზი" დაბლა დაეშვა. ფილადელფიაში მას შემდეგ პლეი-ოფი აღარავის უნახავს. პლეი-ოფი კი არა, გულშემატკივრებს ჯანმრთელი მოთამაშეების ნახვაც სანატრელი გაუხდათ. თავად განსაჯეთ - ვის მოიაზრებდა გუნდი ლიდერად ბოლო წლებში და რა ბედი ეწია მათ? ენდრიუ ბაინუმი - "ლეიკერსში" ის წლიდან წლამდე უმატებდა და დასავლეთის საუკეთესო ცენტრადაც ყალიბდებოდა. ლოგიკურია, რომ "ფილადელფიამ" მისი დამატების შემდეგ ახალი გუნდის ლიდერად სწორედ ენდრიუ აირჩია, თუმცა იმ ერთი სეზონის განმავლობაში, რომელიც მან ახალ გუნდში გაატარა, 1 წამითაც კი არ გასულა პარკეტზე. მეტიც - სად არ ვეძებე, მაგრამ "სიქსერზის" მაისურით მისი ვარჯიშის სურათი Google-მაც კი ვერაფრით იპოვა. ნერლენს ნოელი - პერსპექტიული ცენტრი, რომელსაც "სიქსერზისთვის" ჩვეული კარიერის დასაწყისი ჰქონდა - ტრავმა და არც ერთი ნათამაშები წამი პირველ წელს. შემდეგ იყო მე-2, მე-3 და მე-4 სეზონი და შანსი, რომ ახალგაზრდა ცენტრს თავისი შესაძლებლობები გამოევლინა, თუმცა "ჯანმრთელმა" ნოელმა თამაშების 60%-შიც ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება და სულ რამდენიმე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. შედეგად, გუნდმა ის პირველი შესაძლებლობისთანავე "დალასში" გაუშვა.
მაიკლ კარტერ-უილიამსი - საოცარი Rookie სეზონი და კიდევ უფრო საოცარი რეგრესი. 2013 წლის მე-11 პიკი, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში 22 ქულით, 7 მოხსნით, 12 გადაცემითა და 9 ჩაჭრით კინაღამ ოთხმაგი დუბლი შეასრულა, შარშან "ბულსში" ირიცხებოდა და 6.6 ქულას ძლივს აგროვებდა. დღეს ის "ჰორნეტსის" წევრია და ვნახოთ, არშემდგარი ვარსკვლავებით გადატენილ გუნდში თავს რით გამოიჩენს. ჯოელ ემბიდი - ამ ბიჭმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და არათუ ერთი, არამედ პირველი ორი სეზონი სრულად გამოტოვა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პერიოდი ემბიდს ნამდვილად არ ჩაუგდია და სადებიუტო მატჩებში ისე გამოიყურებოდა, თითქოს ტრავმის მიღებამდე სუპერვარსკვლავი ყოფილიყო. წინა სეზონის სტარტზე ჯოელი დაბრუნდა და გუნდის ლიდერადაც მალე ჩამოყალიბდა, მაგრამ... 31 თამაში და ისევ ტრავმა. დაზიანება, რომელმაც კამერუნელს კიდევ ერთი სეზონი ჩაამწარა. დარიო სარიჩი - ახალგაზრდა ფორვარდი, რომელიც 2014 წელს დრაფტზე მე-12 პიკად აირჩიეს, მაგრამ გასაზრდელად კიდევ 2 წლით ევროპაში დატოვეს. წინა სეზონის დაწყებამდე კი გუნდს შეუერთდა. სარიჩს ადაპტაცია საკმაოდ გაუჭირდა, რაც ჩემი აზრით, მეტწილად სამწვრთნელო შტაბის "დამსახურებაა", რადგან მისთვის პოზიციის შერჩევას არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი წელი(!) დასჭირდა. ხორვატმა თავისი თამაში ზამთარში იპოვა, როდესაც ახალგაზრდული All Star-იდან სახეცვლილი დაბრუნდა. თუ მანამდე ჩატარებულ მატჩებში მისი სტატისტიკა საშუალოდ - 10.8 ქულა, 5.9 მოხსნა და 1.7 გადაცემა იყო, All Star-ის შემდეგ ეს რიცხვები საგრძნობლად გაიზარდა - 17.3 ქულა, 7.3 მოხსნა და 3.4 გადაცემა. შედეგად, სარიჩი ორჯერ გახდა თვის საუკეთესო ახალწვეული და სეზონის შემდეგ შესაბამის ხუთეულშიც უპრობლემოდ მოხვდა. ჯალილ ოკაფორი - ნიჭიერი ცენტრი, ძალიან საყვარელი და ოდნავ სასაცილო მოძრაობებით. მის წინააღმდეგ დაცვაში თამაშისას, შეუძლებელია რაიმე მოძრაობა გამოუცნო, მაგრამ ეს სულაც არაა გამოწვეული მისი მაღალი სათამაშო ინტელექტით... ამის მიზეზი ისაა, რომ ჯალილმა თვითონაც არ იცის, როდის რას გააკეთებს. შეიძლება მოძრაობები სასაცილოა, მაგრამ სადებიუტო სეზონის სტატისტიკა ნამდვილად არა - 17.5 ქულა და 7 მოხსნა. ლიმიტირებული შესაძლებლობები, არანაირი საშუალო ან შორეული ტყორცნა და კიდევ უარესი დაცვა. მოკლედ, ოკაფორზე გუნდს ვერ ააგებ, მაგრამ როდესაც შეტევისას სამწამიანში აგრესია და "ფანტაზია" გჭირდება, 15-20 წუთით ძალიან კარგი ვარიანტია. ბენ სიმონსი - შარშანდელი დრაფტის პირველი არჩევანი, რომელსაც ექსპერტები თვით ლებრონსაც კი ადარებენ. ძალიან სწრაფი, დინამიური და რაც მთავარია, სწორი გადაწყვეტილებები, მოედნის კარგი ხედვა და მშვენიერი ფიზიკური მონაცემები - ეს ავსტრალიელის ძლიერი მხარეებია, რომლებმაც "ფილადელფიას" მესვეურებს ის ინგრამზე წინ დააყენებინა და ვნახოთ, რომელს ექნება უკეთესი კარიერა, ჯერჯერობით კი გაცემულ ავანსებს ვერც ერთი ამართლებს. მართალია, სიმონსი თავისი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით იდეალურ პროდუქტად მოსჩანს, თუმცა მისი სუსტი მხარეებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც არც ისე ცოტაა;:
1. ცუდი საშუალო და შორეული ტყორცნა
2. სიზარმაცე დაცვაში
3. პუბლიკაზე თამაში, ხშირად ძალიან უაზროდ და უდროოდაც კი
4. კონტაქტში შესვლის შიში
5.გადამწყვეტ მომენტებში თამაშის თავის თავზე აღების ნაცვლად, ბურთის თანაგუნდელებისთვის შეჩეჩება. მარკელ ფულცი - წლევანდელი დრაფტის პირველი პიკი, რომელიც ბოლო წლების "პროსპექტებში" უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეულია, რაზეც მისი საუნივერსიტეტო სტატისტიკაც მეტყველებს - 23.2 ქულა, 5.7 მოხსნა, 5.9 გადაცემა, 1.6 ჩაჭრა და 1.2 დაფარება. Shoot-first გამთამაშებელი, რომელიც თამაშიდან ხშირად საკმაოდ მაღალი %-ით უტევს და საკმაოდ ათლეტურადაც თამაშობს, მაგრამ...
1. დაცვაზე "ალერგია აქვს" 2. მეტოქის კარგი დაცვის შემთხვევაში, ხშირად არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს 3. არასტაბილურია 4. საჯარიმოების დაბალი პროცენტი - 65% 5. მგონია, რომ ინდივიდუალურ ინტერესებს გუნდურზე მაღლა აყენებს
მთლიანობაში, მარკელი ნამდვილად შედის წლევანდელი დრაფტის საუკეთესო 5 მოთამაშეში. არ ვამბობ, რომ მას პირველ არჩევნად ყოფნა არ ეკუთვნოდა, მაგრამ არც საპირისპიროს ვამტკიცებ. რაც შეეხება მისი თამაშის სტილს, იმავე ლონზოს რომ შევადაროთ, რაღაცებში ჯობნის, რაღაცებში კი ჩამორჩება, მაგრამ ამ ორი ბიჭის შედარება ცოტა არასწორად მიმაჩნია, რადგან თუ ბოლი უფრო მეჯიქის, ნეშის, კიდისა და სხვა Pass-First გამთამაშებლების გზას ადგას, ფულცი უფრო აივერსონის, ირვინგისა და კარის მსგავსად, შედეგიან ტყორცნაზეა ორიენტირებული.
უკანასკნელი დრაფტიდან ლონზოსა და ფულცის გარდა, ფოქსს, ჯექსონს, ტატუმს, კუზმასა და ბელს გამოვარჩევდი. ამ პირობებში, ცოტა გაუგებარია, რატომ იწვალა "სიქსერზმა" მის ასარჩევად ამდენი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წლევანდელ დრაფტზე "ფილადელფიას" მე-3 არჩევნის უფლება ერგო და როგორც გაირკვა, მარკელის არჩევას არც "ბოსტონი" აპირებდა და არც "ლეიკერსი". შესაბამისად, ის მაინც აქ მოხვდებოდა. თუმცა კოლანჯელოსიც მესმის - როდესაც საქმე ასეთ ნიჭიერ ახალგაზრდას ეხება, რისკს თავი მაქსიმალურად უნდა აარიდო.
მოკლედ რომ ვთქვა, "სიქსერზის" პლიუსებსა და მინუსებზე წერა ძალიან დიდხანს შემიძლია და ყველა დეტალზე აღარ დავწვრილმანდები. რა შანსი აქვს გუნდს მომავალ სეზონში და რას უნდა ველოდოთ მათგან? პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაფერი სიმონსსა და ფულცზეა დამოკიდებული, რამდენად გაიყოფს ეს ორი ახალგაზრდა ბურთს. ორი Ballhog, რომელთა გამოყენებაც ძალიან კარგად შეიძლება, მაგრამ დიდი სიფრთხილით. პრესეზონის პირველ შეხვედრაში გამთამაშებლად სიმონსი იდგა, ფულცს კი არ უთამაშია, მეორეში ავსტრალიელი მსუბუქ ფორვარდად მოგვევლინა, მარკელი კი სკამიდან ჩაერთო თამაშში. იმედია, ეს როგორმე დალაგდება, თორემ რომელიმე მათგანის სკამზე დასმა გუნდში კონფლიქტს გამოიწვევს და ეს სიმწრით ნაშენი გუნდი შეიძლება ხელის ერთი მოსმით დაიშალოს.
როგორი იქნება გუნდის სასტარტო ხუთეული? ამის რამდენიმე ვარიანტს ვხედავ და ყველას ჩამოვთვლი. ვინაიდან ფულცი ცალსახად პირველი ნომერია, გამთამაშებლის პოზიციაზე ყველა ვარიანტში ის დადგება, ცენტრის პოზიციას კი ემბიდი არავის დაუთმობს. ე.ი. გასარკვევი მსროლელისა და ფორვარდების პოზიციებია:
A) ფულცი - რედიკი - სიმონსი - სარიჩი - ემბიდი
B) ფულცი - სიმონსი - კოვინგტონი - სარიჩი - ემბიდი
C) ფულცი - რედიკი - კოვინგტონი - სიმონსი - ემბიდი
ჩამოთვლილთაგან ყველაზე ოპტიმალურად პირველი ვარიანტი მესახება, რომელიც სამწამიანშიც და პერიმეტრიდანაც დიდ საფრთხეს შეუქმნის მეტოქეებს და საკმაოდ ბევრი "ჰაილაითითაც" გაგვანებივრებს, მაგრამ ამ ხუთეულში დაცვის თამაში არავის შეუძლია, შესაბამისად დღის წესრიგში კოვინგტონის ძირითად ხუთეულში გადმოწევა დგება. მე-2 და მე-3 ვარიანტებს თუ გადავხედავთ, პირადად მე C-ს ვამჯობინებდი, რადგან სკამიდან სარიჩი ბევრად ეფექტურია, ვიდრე რედიკი.
რა გამოდის? "სიქსერზის" იდეალური სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურება:
PG - ფულცი
SG - რედიკი
SF - კოვინგტონი
PF - სიმონსი
C - ემბიდი
დაცვა მოიკოჭლებს, საშუალო მანძილიდან და პერიმეტრიდან ცოტა არასტაბილური მსროლელები... + ამ ხუთეულში არ ჩანს მოთამაშე, რომელიც საშუალოდ 20+ ქულას დააგროვებს, სამაგიეროდ ამ ხუთეულის დადებითი მხარე უფრო დიდია:
1. სკამიდან ჯარედ ბეილისი, თიჯეი მაკკონელი, ჯასტინ ანდერსონი, ჯეიკობ პულენი, ნიკ სტაუსკასი, დარიო სარიჩი, ამირ ჯონსონი და ჯალილ ოკაფორი მათ ძალიან დაეხმარებიან.
2. ფულცისა და სიმონსის სახით გუნდს ორი ძალიან კარგი მეპასე ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ, ბურთი პერიმეტრსა და სამწამიანში ისე ამოძრაონ, რომ მოწინააღმდეგემ აზრზე მოსვლა ვერ მოასწროს. თანაც, ასე მცირდება ბურთის გაყოფის პრობლემის წარმოქმნის ალბათობა - შეტევის მიმდინარეობას სამწამიანში სიმონსი გააკონტროლებს, პერიმეტრზე - ფულცი.
3. ამ გუნდს არ ექნება კომპლექსები და ყველა მეტოქის დამარცხებას შეეძლება (სხვა თემაა, რამდენად გამოუვა და გარწმუნებთ, ვერ შეძლებს)
4. მუდმივი დომინაცია სამწამიანში
5. სწრაფი, დინამიური კალათბურთი
რას შეძლებს ეს გუნდი ასეთი შემადგენლობით? დასავლეთში მას ერთ-ერთ აუტსაიდერად შევრაცხავდი, მაგრამ აღმოსავლეთის ძალიან დასუსტების ფონზე, პლეი-ოფისთვის ნამდვილად უნდა იბრძოლოს, თანაც რაც მალე გაინაღდებენ იქ გასვლას, მით უკეთესი, რადგან გადამწყვეტი მატჩების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობაც მოიმატებს და ახალგაზრდა, გამოუცდელ ბიჭებს ასეთ ატმოსფეროსთან გამკლავება გაუჭირდებათ.
რა იქნება მაქსიმუმი? ჯერ კონკურენტები ჩამოვთვალოთ...
"კლივლენდი", "ბოსტონი", "ვაშინგტონი", "მილუოკი" - ჩემი აზრით, პირველი 4 ადგილისთვის სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ. არ დაგვავიწყდეს "დეტროიტი", "მაიამი", "შარლოტი" და "ტორონტო", რომლებიც პლეი-ოფისთვის გასასვლელად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ და "სიქსერზს" წინააღმდეგობას გაუწევენ. ყოველ შემთხვევაში, თავს არ დაზოგავენ.
ვფიქრობ, "ფილადელფიასთვის" მაქსიმუმი მე-4 (კიდევ უფრო მაქსიმუმ მე-3) პოზიცია იქნება და თუ გუნდი პირველი წრის გადალახვას შეძლებს, სეზონი ძალიან წარმატებულად ჩაითვლება. ეს გუნდი მომწონს და მართლა არანორმალურ პოტენციალს ფლობს, მაგრამ სიმართლეს თვალებში ვუყურებ - ამდენი ახალგაზრდა კალათბურთელით, რაიმე მეტზე ფიქრი უბრალოდ თავხედობა იქნება.
მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქ იანისი-ჯაბარის წყვილია, არანაკლები ნიჭითა და თავდადებით...
როცა ვოლი-ბილის დუეტმა უკვე რაღაცას უნდა მიაღწიოს...
მაშინ, როდესაც კაირის ლებრონის დამარცხება სწყურია და მხოლოდ ამაზე ფიქრობს...
და იქ, სადაც ლებრონი დომინანტია და ისედაც უძლიერესმა "კლივლენდმა" საერთოდ არარეალური შემადგენლობა შეკრა... დასავლეთსა და სუპერფინალზე აღარაფერს ვამბობ - ისევ "ფილასთვის" აჯობებს, თუ იქ არ მოხვდება, თორემ აივერსონის "გადაბიჯება" სანატრელი ექნება... ეს ისე, განწყობისთვის, თორემ იმედი მაქვს, ამ გუნდისგან სუპერფინალს პირველივე სეზონში არავინ ელის. თუმცა, თუ ბიჭები ემბიდივით იშრომებენ, შესაძლოა, სულ მალე ლებრონი "უორიორზის" გარდა სხვა გუნდმაც შეაჩეროს.