ფეხბურთი

10:00 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგაზე მესამე ტური მიილია. ახლა კი, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ქართული ლეგიონის ამბებს გავეცნოთ.

მოსკოვის “ლოკომოტივი” ტირასპოლში “შერიფს” ესტუმრა და დაუზავდა – 1:1. “რკინიგზელთა” შორის შეუცვლელად ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. “ლოკომოტივს” სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და ქვეჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ბორისოვის “ბატემ” საკუთარ მოედანზე გერმანული “კიოლნი” დაამარცხა – 1:0. ამ გამარჯვებაში ვაკო გვილიას წვლილი არ მიუძღვის, რადგან სამატჩო განაცხადში არ ყოფილა. ბელარუსის ჩემპიონს კი, 4 ქულით მესამე პოზიცია უკავია.

მორიგი თამაში წააგო და ისევ გამანაგდურებელი ანგარიშით “ვარდარმა” – მაკედონიის ჩემპიონი ამჯერად სკოპიეში “რეალ სოსიედადთან” ვერ გახდა ვერაფერს (0:6). მასპინძელთა რიგებში 90 წუთი გაისარჯა ჯაბა ჯიღაური. “ვარდარი” ძალიან ცუდად თამაშობს და სამი ტურის მერე 0 ქულა აქვს (1:14-თან ბურთების ბალანსი).

არნემის “ვიტესმა” პირველი ქულა მოიპოვა – ჰოლანდიური გუნდი მეზობლად, ბელგიაში, “ზულტე ვარეგემთან” დაზავდა (1:1). 90 წუთი იყო მოედანზე გურამ კაშია, რომელმაც 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, სამწუხაროდ, ქართველმა საკუთარი კარი დალაშქრა. “ვიტესს” 1 ქულით მესამე ადგილი უკავია და პლეი-ოფში გასვლის შანსი თითქმის აღარ აქვს.

0.138928