ფეხბურთი

19:09 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოტენციური ლიდერი უკვე “რუსთავია”

ეროვნულ ლიგა 2-ში 31-ე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრაში ბოლნისის “სიონი” 0:0-ზე გაეყარა მარტვილის “მერანს”. ბოლნისელები მესამე პოზიციაზე დარჩნენ, ხოლო “მერანი” ლიდერია, მაგრამ მარტვილელებს უკვე რთულად აქვთ საქმე. მხოლოდ ორი ქულითღა უსწრებენ “რუსთავს”, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს, ანუ პოტენციური ლიდერი უკვე “რუსთავია”.

ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში მყოფი “ვიტ ჯორჯია” შინ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა “ცხინვალთან”, მაგრამ მეორე ტაიმში ბექა კაკუშაძემ დუბლი მიითვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ვიტელები მესამე ადგილისთვის იბრძვიან, ხოლო “ცხინვალი” – მეშვიდე პოზიციის შესანარჩუნებლად, რათა პლეი-ოფი აიცილოს თავიდან.

წყალტუბოს “სამგურალმა” 5:0 აჯობა ტყიბულის “მეშახტეს” და მესამეზე გასვლის მცირე შანსიც გააჩნია. წყალტუბოელებმა ფაქტობრივად საწყის 13 წუთში გადაწყვიტეს თამაშის ბედი.

ლანჩხუთის “გურიაც” მეშვიდე პოზიციისთვის იბრძვის და ორი ქულითღა ჩამორჩება უშუალო კონკურენტ “ცხინვალს”. გურულებმა დავით მახარაძის თავკაცობით 3:0 მოუგეს აუტსაიდერ “ზუგდიდს”. შეგახსენებთ, მახარაძე სეზონის მიმდინარეობისას “ზუგდიდს” წვრთნიდა და გამოუშვეს...

გურია – ზუგდიდი 3:0

გოლები: 1:0 ბაკურაძე (11), 2:0 იაგრი (48), 3:0 ვაგნერი (81)

ვიტ ჯორჯია – ცხინვალი 2:2

გოლები: 0:1 გადრანი (2), 0:2 მათიაშვილი (44), 1:2 კაკუშაძე (67), 2:2 კაკუშაძე (76)

სამგურალი – მეშახტე 5:0

გოლები: 1:0 შალამბერიძე (10), 2:0 ბიბილაშვილი (13), 3:0 ჩხეტიანი (39), 4:0 ჩიხლაძე (71), 5:0 გოგუაძე (80)

სიონი – მერანი 0:0

20 ოქტომბერს, რუსთავის “ფოლადზე” გაიმართება ტურის ბოლო მატჩი: “რუსთავი” – “გაგრა”.

0.125965