სხვა

18:12 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთი: მოქმედი და მომავალი ლეგიონერები
დანიშნულების ადგილები: დანია, საფრანგეთი, ესპანეთი

საკლუბო სეზონი ევროპაში 8 ქართველმა ხელბურთელმა დაიწყო, თუმცა, მათი რიცხვი შესაძლოა მალე გაიზარდოს. ამ მომენტისთვის ჩვენიანები თამაშობენ რუმინეთის, მაკედონიის, საბერძნეთის, თურქეთისა და ლუქსემბურგის პირველობებზე.

რუმინეთის ეროვნულ ლიგაში, ისევე როგორც წინა სეზონში, საქართველოს ნაკრები ორი მოთამაშეა. ნათამაშევია 7 ტური, 14 გუნდიდან 8 საუკეთესო ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს. ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი ფოჩანი 7 ქულით (2 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება) მე-12 ადგილზეა, შოთამ კი ამასწინათ ბრწყინვალედ ითამაშა რუმინულ გრანდ კონსტანცასთან მოგებულ თამაშში (21-19) და წარდგენილი იყო მე-6 ტურის საუკეთესო მოთამაშეობაზე, რომელსაც ვებგვერდი www.handbalvolei.ro აწარმოებს. ქართველმა მეკარემ ხმების 41 პროცენტი მოაგროვა, 108 ხმით აჯობა უახლოეს კონურენტს და გახდა კიდეც ტურის მოთამაშე!

მეშვიდე ტურში დადგა დუნარეა კელერაშის ქართველი უკანახაზელის, ირაკლი ჩიქოვანის ჯერი. ირაკლიმ 8 გოლი გაუტანა ფეგერაშს, მისმა კლუბმა 26-22 მოიგო, ქართველი ხელბურთელი კი მოხვდა ტურის საუკეთესო მოთამაშეობაზე წარდგენილ შვიდეულში, გამოკითხვაში კი ჯერჯერობით ხმების 7 პროცენტი აქვს. კელერაში 7 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა 13 ქულით (4, 1, 2), ჩიქოვანს, კი მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო საწყისი მატჩები გამოტოვა, უკვე 29 გოლი აქვს გატანილი.

ტრავმით გამოწვეული თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ, ხელბურთს დაუბრუნდა ვლადიმერ რუსია. ბოლოს მან 2015 წელს, რუმინულ ოდორჰეიში, შოთა თევზაძესთან ერთად ევროპული ჩელენჯ კაპი მოიგო, ახლა კი იმავე ტურნირზე ლუქსემბურგის რედ ბოიზ დიფერდანჟის შემადგენლობაში გამოდის. ლუქსემბურგელებმა პირველ წრეში გამოთიშეს ლიტვის კაუნო-აზუოლასი (32-26, 25-26) და მეორეში ბულგარეთის დობრუჯას ეთამაშებიან. რუსიამ ორივე მატჩში ითამაშა, ლუქსემბურგის ჩემპიონატში კი მის კლუბს ორიდან ორი მოგება აქვს.

მაკედონიაში ორი ჩვენებურია. თეიმურაზ ორჯონიკიძემ, ევროპაში თავისი პირველი სეზონი პრილეპის კლუბში ჩაატარა, ახალი სეზონისთვის კი რევაზ ჭანტურიას გუნდს, პელისტერს შეუერთდა. პირველ ეტაპზე 9 გუნდი თამაშობს ორ წრედ, საუკეთესო ოთხეულს კი ფინალურ ექვსეულში დაემატება ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი და ჩემპიონობას გაითამაშებს. პელისტერს 5 თამაშიდან 4 მოგება აქვს და 12 ქულით ლიდერია. მეხუთე ტურის ოლ-სტარში ორივე ქართველი მოხვდა მას შემდეგ, რაც პელისტერმა ორჯონიკიძის ყოფილი კლუბი, პრილეპი დაამარცხა სტუმრად - 26-23, ხოლო 26-დან 18 გოლი ორმა ქართველმა გაიტანა. ორჯონიკიძე მესამე ტურის შემდეგაც მოხვდა საუკეთესო შვიდეულში, როცა 8 გოლი გაუტანა პროლეტს (28-21), ხოლო მეოთხე ტურში ცხრაჯერ გამოიჩინა თავი ბორეცთან (33-29).

თავის პირველ ევროპულ სეზონს ბერძნულ ფილიპოს ვერიაში ატარებს ჭაბუკთა ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი. მისი კლუბი 4 ტურის შემდეგ 2 მოგებით მეხუთე ადგილზეა საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში. ბოლო ტურში, ფილიპოსმა 33-15 მოუგო პანელინიოსს, ქართველმა ხაზის მოთამაშემ კი 5 გოლი გაიტანა. არსენაშვილი საქმეში მეორე ტურიდან ჩაება და ხუთიც ბურთიც 2-3 ტურებში ჰქონდა დაგროვილი.

მეორე სეზონს ატარებენ თურქეთის პრემიერლიგაში ლექსო წითელიშვილი და უჩა მაისურაძე. მათი გუნდი, MYK ჰენტბოლი 4 თამაშის შემდეგ 1 მოგებით ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა.

უახლოეს მომავალში უცხოეთში მოთამაშე ქართველი ხელბურთელების რიცხვი გაიზრდება. მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფორმალობები მოგვარდება, აზერბაიჯანის ჩემპიონატში უნდა ჩაებას 4 ჩვენებური - ქუთაისისა და ნაკრები მარჯვენა გარემარბი ხაზეინ რუსტამოვი და ქალთა ნაკრების სამი წევრი - მეკარე ქრისტინე ჯავახია, ქეთევან ვენეცკი და თინათინ ქიტესაშვილი.

დაბოლოს, საგულისხმო ამბები კიდევ 4 ახალგაზრდა ხელბურთელის შესახებ. დანიაში, ქალაქ ვიბორგის აკადემიაში არიან გოგონათა ნაკრების კაპიტანი მედეა ჩოხელი და ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი დიხამინჯია. აკადემიის გარდა ისინი კლუბებშიც ვარჯიშობენ და იქ დარჩებიან კიდეც. ჩოხელს მომდევნო კვირიდან ეწყება თამაშები სახელბურთო კლუბ ვიბორგში, ხოლო დიხამინჯია მცირე ხნით სამშობლოში დაბრუნდა სამუშაო ვიზის ასაღებად, რის შემდეგაც კლუბ სკივეს წევრი გახდება. ჩოხელიც და დიხამინჯიაც ამ კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში დაიწყებენ თამაშს და თავის გამოჩენის შემთხვევაში პროფესიულ კონტრაქტსაც მიიღებენ. ანალოგიური პერსპექტივა აქვს კიდევ ორ ახალგაზრდას - 16 წლის გიორგი ცხოვრებაძე ნოემბერში საფრანგეთის მონპელიეს ახალგაზრდულ კლუბში მიემგზავრება, ხოლო ქეთი კუნელაშვილი საბუთებს ამზადებს ესპანეთის გრანოლერსში წასასვლელად. მან ამ კლუბში უკვე გამოიჩინა თავი ზაფხულში, გოგონათა ტურნირზე, გრანოლერსის თასზე და ახალგაზრდული გუნდიდან მოწვევაც მიიღო. ახალწვეულთა ამ ორი ოთხეულის შესახებ ვრცლად მომდევნო მიმოხილვებში ვისაუბრებთ.

0.16734