მშვენიერი სეზონი უდგას მაიკლ დიქსონს, რომელიც თავისი ახალი კლუბის, ფრანგული „სტრასბურის“ ლიდერია. სტრასბურელებმა მორიგი მატჩი ფიბა-ს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად, გერმანულ „ბაიროითთან“ გამართეს და დამატებით დროში - 80:82 წააგეს.
საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დიქსონმა ძირითადი დროის ბოლო წამზე გამთანაბრებელი ორქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
დიქსონი სტრასბურელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 26:56 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა.
“სტრასბურგი” თითო მოგება-წაგებით C ჯგუფში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ხსენებულ “ბაიროითს” ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 25 ოქტომბერს, შინ, ესპანურ “ესტუდიანტესთან” გამართავს.
gbf.ge