ფეხბურთი

23:00 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” გამარჯვებისკენ!

“საბურთალო” პირველი ქართული გუნდია, რომელმაც უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ეტაპი გადალახა. თურქეთში 1:0 გამარჯვების შემდეგ, რეზო გოცირიძის გაწვრთნილებმა შინ 1:1 ითამაშეს “ბურსასფორთან” და ფინალურ პლეი ოფში, ანუ მეორე რაუნდში გავიდნენ.

ქართველები მეორე რაუნდში სერბულ “ბროდარაცს” შეხვდებიან, რომელმაც ისრაელის “მაკაბი ჰაიფა” ზუსტად “საბურთალოურად” გამოთიშა (1:1, 1:0). მატჩები 1 და 22 ნოემბერს გაიმართება, პირველი თამაში კი სერბეთში იქნება.

...კარგი ატმოსფერო იყო “დავით პეტრიაშვილზე”. ცუდად დაიწყეს მასპინძლებმა: 47-ე წამზე გოლი გაუშვეს. თურქებმა მარცხნიდან განახორციელეს სწრაფი შეტევა, ქართალ ირლმაზი შეიჭრა საჯარიმოში ზუსტადაც დაარტყა – 0:1.

მალევე, მეორე გაშვებულ გოლს გადავურჩით. გოგა ნასყიდაშვილმა პენალტი მოიგერია! წარმოიდგინეთ, რა რთულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა "საბურთალო”, უკვე მინიმუმ ორი გოლის გატანა დასჭირდებოდათ... ნასყიდაშვილმა მთელი მატჩი სტაბილურად ჩაატარა და დიდი როლი შეასრულა გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში.

მართალია, პენალტი სწორედ ნასყიდაშვილის მიერ კაპაჩაკის წაქცევას მოჰყვა, მაგრამ ცოტნე ჩოთალიშვილის ბრალი იყო – უყურადღებოდ ითამაშა და ნელა დაუგორა ბურთი მეკარეს, რომელსაც სხვა არაფერი დარჩენოდა წესების დარღვევის გარდა.

თანაბარი თამაში იყო. ეგაა, თურქები უფრო სწრაფად მოძრაობდნენ. პირველ ტაიმში “საბურთალოს” ერთი მომენტი ჰქონდა, ისიც, საჯარიმო დარტყმით: გიორგი კოხრეიძის გასროლილი ძლივს მოიგერია მეკარემ.

მეორე ნახევარში, დაახლოებით 70-ე წუთიდან შეიცვალა სურათი “საბურთალოს” სასარგებლოდ. ცვლილებებმაც გაამართლა და თან, თურქებს დაღლა დაეტყოთ. ანდრია ფურცელაძის კარგი გარღვევა გამოვარჩიოთ, როცა ჩვენი საყრდენი სამ მეტოქეს გასცდა და მეკარეს ვეღარ აჯობა - დადაქდენიზმა ფეხით მოიგერია. არადა, მშვენიერი სოლო-გოლი გამოვიდოდა.

კიდევ იყო ქართველთა “ჩხვლეტები”, გააქტიურდა ლუკა ლაკვეხელიანიც და საბოლოოდ, სწორედ მის გამოზომილ ჩაწოდებას მოჰყვა გოლი: იური ტაბატაძემ ახლოდან იმარჯვა და ზუსტად დაარტყა – 1:1. საინტერესოა, რომ ტაბატაძე შეცვლაზე შეიყვანა გოცირიძემ და სწორედ მას ეწერა გამსვლელი გოლის გატანა.

დარჩენილ დროში თურქებმა შეუტიეს, თუმცა შტურმი არ ყოფილა. საბოლოოდ, “საბურთალო” გავიდა.

უეფას ახალგაზრდული ლიგა. ნახევარფინალური პლეი-ოფი

18 ოქტომბერი. დავით პეტრიაშვილი

საბურთალო – ბურსასფორი 1:1 (0:1) – პირველი მატჩი 1:0

საბურთალო: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, ფურცელაძე, ჩოთალიშვილი, ივანიაძე (მათოზაშვილი 69), კაპანაძე (ტაბატაძე 62), გულიაშვილი (ბუიღლიშვილი 90), კოხრეიძე

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

ბურსასფორი: დადაქდენიზი, ჩოკსალისი, ილდირიმი, სევინჩი, ოზქანი, კეშკინი, აკგიონული, ილმაზი (იასაკი 72), სეფილი, კაპაჩაკი, კაია

მწვრთნელი: მუზაფარ ქარადაი

გოლები: 0:1 ილმაზი (1), 1:1 ტაბატაძე (85)

მე-8 წუთზე კაიამ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: ნასყიდაშვილი, ფურცელაძე, მალი – კაია

მსაჯი: მუნტიანი (მოლდოვა)

თეგებისაბურთალო
0.117897