კალათბურთი

21:50 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ბულგარეთში დამარცხდა

თბილისის “დინამომ” ფიბა ევროპის თასზე წარუმატებელი სტარტი აიღო. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა E ჯგუფის პირველი ტურის მატჩი სოფიაში ჩაატარა, სადაც ადგილობრივ “ლუკოილ აკადემიკასთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 70:73.

საქართველოს ჩემპიონი მთელი შეხვედრის განმავლობაში აგებდა. მასპინძლები უფრო დამაჯერებლად თამაშობდნენ და საშუალოდ, 6-7 ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას მარტივად ახერხებდნენ. ამიტომაც იყო, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ “ლუკოილი” კომფორტული, 11 ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა.

თუმცა, მეოთხე პერიოდში “დინამო” გარდაიქმნა და ჩინებული თამაში აჩვენა. ახლოსაც იყო თამაშის ოვერტაიმში გადასაყვანად. თბილისლელებმა სოლიდური ჩამორჩენის აღმოფხვრა მეთოდურად დაიწყეს და მატჩის დასრულებამდე 02:21 წუთით ადრე წინაც გავიდნენ – 69:67. თუმცა, სწორედ ამ გადამწყვეტ მომენტში შეცდა გოგოძე, რომელმაც მეტოქის წინააღმდეგ გაუმართლებელი ჯარიმა აიღო, თანაც ამით “ლუკოილს” სამი საჯარიმოს შესრულების უფლება მიეცა – მასპინძლებმა საჩუქარი გამოიყენეს, რასაც მალევე ზუსტი სამქულიანი მიაყოლეს – 71:69. სწორედ ეს ეპიზოდი გამოდგა გადამწყვეტი. და მაინც, “დინამოს” ჰქონდა შანსი, რომ არ წაეგო. მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე სამ ქულას აგებდა და ბურთსაც ფლობდა. აღნიშნულ დროში ბოიდმა, გოგოძემ და ფაცაციამ სამჯერ სცადეს სამიანის ჩაგდება, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა და უაღრესად დაძაბული მატჩი მარცხით დაასრულდა – 70:73.

“დინამოს” შემადგენლობაში საუკეთესო ლეფრი ბოიდი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 37 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. კარგად გაისარჯა ლევან ფაცაციაც – ქართველი კალათბურთელის მონაგარმა 34 წუთში 20 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა.

თუმცა, ხსენებულ დუეტს დანარჩენებმა მხარი ნაკლებად აუბეს. 10 ქულიან ზღვართან ყველაზე ახლოს ნიკოლა გაჩეშა გახლდათ: 34 წუთი, 8 ქულა, 8 მოხსნა. 7-7 ქულა შემატეს “დინამოს” კლემენ ტურპინმა და ნოდარ გოგოძემ.

აქვე გეტყვით, რომ “დინამოს” მეტოქეები ფიბა ევროპის თასის E ჯგუფში “კლუჟი” და თურქული “ისტანბული” არიან. ირაკლი ხოშტარიას გუნდი მეორე ტურის შეხვედრას 25 ოქტომბერს, თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში რუმინულ “კლუჟთან” გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

“ლუკოილ-აკადემიკა” (ბულგარეთი) – “დინამო” (საქართველო) 73:70 (21:16, 13:12, 23:18, 16:24)

მატჩის სტატისტიკა

0.132156