დონეცკის “შახტარისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე “ფეიენოორდთან” მოგებული მატჩის (2:1) შემდგომ აღნიშნა, რომ გამარჯვებით კმაყოფილია, თუმცა ჯერ წინ კიდევ 3 თამაშია და ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ნაადრევია.
“მოედანზე გასვლისას ცოტა ვღელავდი, რადგან თამაშში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო - ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, გოლი რომ არ გაგვეშვა.
პირველი 10 წუთის განმავლობაში “შახტარი” თამაშს აკონტროლებდა, თუმცა გოლი მივიღეთ. “ფეიენოორდს” სწრაფი მოთამაშეები ჰყავს, ასე რომ, ამოცანა იყო კომპაქტურად თამაში და ბურთის შენარჩუნება. ამასთან, ჩვენ გვყავს ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან ტაისონი, ბერნარდი და მარლოსი - თუკი მათ წინაშე თავისუფალი ზონა ჩნდება, ამ ფეხბურთელებს ვერავინ შეაჩერებს.
მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლაზე ჯერ ადრეა საუბარი, რადგან წინ კიდევ 3 ტურია”, - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა “შახტარის” პრესსამსახურთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, მას შემდეგ, რაც დონეცკელთა ცენტრალური მცველი ივან რაკიცკი გააძევეს. “შახტარმა” უმცირესობაში დარჩენის მიუხედავად, ანგარიში შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ქართველმა მცველმა კი კარგი გარჯისთვის “მეშახტეთა” მთავარი მწვრთნელისგან პაულუ ფონსეკასგანაც დაიმსახურა შექება და თანაგუნდელებისგანაც.
“რაკიცკის გაძევების შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ ხოჭოლავა შემოვიდა და შესანიშნავად ითამაშა” - აღნიშნა დონეცკელთა მცველმა ივან ორდეცმა.