კალათბურთი

11:10 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ ახალი სეზონი 6 ქულით გახსნა

ზაზა ფაჩულიამ ნბა-ში ახალი, მისთვის მე-15 სეზონი დაიწყო. ქართველი კალათბურთელი “ჰიუსტონ როკეტსთან” შეხვედრაში “გოლდენ სტეიტის” სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 10 წუთი დაჰყო. ამ დროში ზაზამ გუნდს 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ქართველი ცენტრი მეტოქის ფარს 100-პროცენტიანი შედეგით უტევდა, ორიდან ორი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ზუსტად მოათავსა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი სამი პერიოდი “მეომრებმა” მოიგეს და თითქოს შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიეყვანათ, თუმცა მეოთხე მეოთხედი “ჰიუსტონის” გამარჯვებით დასრულდა - 34:20 და საბოლოოდ, “გოლდენ სტეიტი” ახალი სეზონის სასტარტო მატჩში ერთი ქულის სხვაობით, 121:122 დამარცხდა (VIDEO). მატჩის დრო დამთავრებული იყო, როცა კევინ დურანტმა 2-ქულიანი ჩააგდო და “მეომრები” გამარჯვების მომტანი ორი ქულის ჩათვლას ითხოვდნენ, თუმცა გამეორებაზეც გამოჩნდა, რომ კევინმა ბურთი მას შემდეგ ისროლა, რაც საფინალო სირენის ხმა გაისმა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. “ჰიუსტონში” ასევე გამოირჩა ერიკ გორდონი 24 ქულით. “გოლდენ სტეიტში” ყველაზე მეტი 23 ქულა ახალწვეულმა ნიკ იანგმა ჩააგდო. კარის 22 ქულა ჰქონდა, ხოლო დურანტს – 20.

მომდევნო შეხვედრას “გოლდენ სტეიტი”, გასვლაზე “საკრამენტო კინგზთან” გამართავს, მატჩი 19 ოქტომბერს თბილისის დროით 06:00 საათზეა ჩანიშნული.

0.182245