საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებს შეხვდა და ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტსა თუ მიზანზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გეგმავს.
“ვაქციოთ კალათბურთი ცხოვრების წესად” - პრეზიდენტობის კანდიდატი ამ დევიზით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე. მისი თქმით, 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავებისას გაითვალისწინეს სლოვენიისა და ლიტვის მაგალითები.
“ეს ქვეყნები შეირჩა როგორც კალათბურთის კუთხით, ასევე მოსახლეობის და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. სლოვენია და ლიტვა ახლოს არიან საქართველოსთან ამ კრიტერიუმებით. შემდეგ უფრო დავკონკრეტდით და სლოვენიაზე მეტი აქცენტი გავაკეთეთ” - აღნიშნა ხეცურიანმა.
მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ზემოთაღნიშნულ ქვეყნებს ამჟამად საგრძნობლად ჩამორჩება კალათბურთელთა რაოდენობით. მაგალითისთვის: საქართველოში კალათბურთელთა რაოდენობა ყველა ასაკობრივი გუნდების ჩათვლით 4 375-ია, რაც დაახლოებით 3 700 000-იანი ქვეყნისათვის ძალიან ცოტაა და საშუალოდ 846 მოსახლეზე 1 კალათბურთელს ითვლის. განსხვავებული ციფრებია სლოვენიაში – 2 100 000 მოსახლეობა, 10 057 კალათბურთელი, 205 მოსახლეზე 1, ხოლო ლიტვაში 2 900 000 მოსახლეობა, 26 000 კალათბურთელი, 110 მოსახლეზე 1. პროგრამის თანახმად, საქართველოში პირველ 4 წელიწადში კალათბურთელთა რაოდენობამ 4 375-დან 9 250-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2028 წლისთვის 18 020 უნდა გახდეს.
სტანდარტული დარბაზების, მწვრთნელების, მსაჯების ნაკლებობა, ეს ის ჩამონათვალია, რომელთა რაოდენობაც ამ ეტაპზე ძალიან მცირეა, მკვეთრი ზრდა მომდევნო 10 წლის განმავლობაში იგეგმება და მოიცავს რამდენიმე ეტაპს.
ხეცურიანის განცხადებით, გაიზრდება საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის დაფინანსებაც, რაშიც არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორებიც მიიღებს მონაწილეობას. დღეისათვის დაფინანსება 10 მილიონს აღემატება, 2028 წლისთვის კი 22 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.
პრეზიდენტობის კანდიდატი ყურადღებას მასობრიობაზე ამახვილებს, ასევე მთავარ პრიორიტეტად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას, ფინანსების მოძიებასა და კარგ მმართველობას ასახელებს.
ხეცურიანმა კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების სათავეში ილიას ზუროსის დარჩენაზეც გააკეთა, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და აღნიშნა, რომ სულაც არ აპირებს იმ პროექტებისა თუ გეგმების შუა გზაში მიტოვებას, რომელსაც ამჟამინდელი ფედერაცია ახორციელებს.
ასევე ყურადგება გაამახვილა “სასკი ბასკონიას” პროექტზე და აღნიშნა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესდღეობით ხორციელდება ჩვენი კალათბურთელების კემპზე გაშვება, მისთვის მიუღებელია, რადგან საქართველოდან მიჰყავთ რჩეული ბავშვები და ამაში თანხას ისევ ქართული მხარე იხდის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება და ამ დროის განმავლობაში ხეცურიანი მისი პროგრამის მეტად განვითარებას და დახვეწას გეგმავს. დეკემბრამდე კი ის საბოლოო პროგრამას კიდევ ერთხელ წარადგენს.