ჭიდაობა

12:57 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკმა სამბისტებმა მსოფლიოს ხალიჩაზე იყოჩაღეს

ქართველმა სამბისტებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ მსოფლიოს 2017 წლის ასაკობრივ ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს. ჭაბუკებისა და ახალგაზრდების მსოფლიოს კონკურენცია სამი დღე გაგრძელდა და ვაჟებსა და გოგონებს შორის ორ ასაკობრივ ჯგუფში 10-10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები.

ქართული დელეგაციიდან ყველაზე შედეგიანად ჭაბუკთა ნაკრები გამოვიდა - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

გოგა ვარდოსანიძე (52 კგ), გაგა ბახტიძე (65 კგ) და ლევან გუგავა (70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. საბა გრიგალაშვილს (60 კგ) უმაღლეს ტიტულამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. ამირან დარბაისელმა (56 კგ), ლაშა მათიაშვილმა (81 კგ) და ომარ საურმა (87 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრების წევრთაგან პოდიუმზე ოთხი სამბისტი ავიდა. დავით რამაზაშვილმა (100 კგ) ჩემპიონატი წაუგებლად ჩაამთავრა და ოქროს მედალს დაეუფლა. დავით კოპაძე (68 კგ) ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ვახტანგ მეტივიშვილი (57 კგ) და ნიკა სიდამონიძე (90 კგ) - ბრინჯაოებს.

ერთი მედალი საქართველომ ქალთა შორისაც მოიპოვა - ქეთინო ჩხაიძე (70 კგ) მესამე ადგილზე გავიდა.

0.114793