ფეხბურთი

20:57 | 15.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონის უშედეგო კვირა

რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა დაკარგა მოსკოვის “ლოკომოტივმა”, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. “რკინიგზელები” სტუმრად “უფასთან” დარჩნენ ხელმოცარულნი – 0:1.

ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ. მასპინძელთა რიგებში კი განაცხადშიც არ ყოფილა ჯემალ ტაბიძე. არადა, ქართველი მცველი აქამდე სისტემატურად ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. “ლოკომოტივს” 26 ქულით მეორე ადგილი უკავია, ხოლო “უფას” 17 ქულა აქვს და მეცხრეა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის მერვე ტურში ვერ მოიგო “ვიტესმა”. არნემელები სტუმრად ალმელოს “ჰერაკლესს” დაუზავდნენ – 1:1. გურამ კაშია სასტარტოში იყო და 86-ე წუთამდე ითამაშა. “ვიტესის” მონაგარი 15 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია.

დანიის სუპერლიგის მეთორმეტე ტურში განადგურდა ქართველების “სილკებორგი”, რომელიც სტუმრად “ბრონდბიუს” უგებდა, მაგრამ 1:4 წააგო. თუმცა, საგულისხმოა, რომ სტუმრებმა 4 გოლი მაშინ გაუშვეს, როცა მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. დავით სხირტლაძემ 70 წუთი ითამაშა და მერე ადგილი კიდევ ერთ ჩვენებურს, მათე ვაწაძეს დაუთმო. “სილკებორგი” 10 ქულით მეთორმეტეა.

ბელარუსის ჩემპიონატის 25-ე ტურში ადვილი გამარჯვება იზეიმა “ბატემ” – ბორისოველებმა შინ”ვიტებსკს” 3:1 აჯობეს. “ბატეს” რიგებში ისევ არ უთამაშია ვაკო გვილიას – მთელი თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა. “ბატე” 54 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერს ორი ქულით ჩამორჩება.

ესპანეთის ლიგა ადელანტეს მეათე ტურში ისევ წააგო “სევილიას” მეორე გუნდმა. ანდალუზიელები “ალბასეტესთან” (1:2) დამარცხდნენ. ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ 35-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში გიორგი აბურჯანია. ქართველმა მსაჯის კომპენსირებულ დროში გაფრთხილება მიიღო. “სევილია” ჯერჯერობით მოუგებლად ასპარეზობს და 4 ქულით ბოლო საფეხურზეა.

0.124615