11 ოქტომბერს, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის და მარნეულის საკალათბურთო გუნდის “დელტას” მესვეურებმა ხელი მოაწერეს “მემორანდუმს ურთიერთანამშრომლობის შესახებ”.
დღეიდან ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები "დელტას" მეგობრები არიან! ისინი დაესწრებიან სპორტულ ღონისძიებებს, გუნდის თამაშებსა და ვარჯიშებს.
როგორც ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ოლენა პოლიშუკმა განაცხადა, “მემორანდუმი მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ამავე დროს გაზრდის ბავშვების ინტერესს კალათბურთის და ზოგადად, სპორტისადმი”.
“მარნეული–დელტას” პრეზიდენტის ირაკლი შარვაძის თქმით, “ბავშვთა სახლის აღსაზრდელები – მოზარდთა სპეციფიკური კატეგორია, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს და სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეიტანოს ამ კეთილშობილურ საქმეში”.
ეს მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბავშვებისთვის, ხოლო გუნდის წევრები მათი სახით დიდ გულშემატკივრებს და ქომაგებს შეიძენენ.
“დელტას” კალათბურთელები ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლს პერიოდულად ეწვევიან და მოზარდებთან ერთად სპორტულ აქტივობებს განახორციელებენ.
"დელტას" პრესსამსახური