არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" მცველი ხავიერ მასკერანო კარიერას რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ეკვადორთან მოგებული (3:1) მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ გაავრცელა.
"შევეცდები რუსეთში გავემგზავრო და ეს იქნება ნაკრებში ჩემი ბოლო ასპარეზობა, გადაწყვეტილება უკვე მივიღე." - ციტირებს L"Equipe-ი მასკერანოს სიტყვებს.
ხავიერს "ალბისელესტეს" რიგებში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში 139 მატჩი ჩაატარა. მასკერანომ ოთხჯერ ითამაშა კოპა ამერიკის ფინალში, ხოლო ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.