ქართველებს ლეგენდებით ცხოვრება გვიყვარს. 1981 წლის “დინამოზეც” ცხადია ლეგენდებით ვმსჯელობთ. მართალია, ეს გუნდი მართლაც იმსახურებს იმას, რომ ლეგენდად იქცეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდად და რაციონალურად არ გავარჩიოთ და არ ვნახოთ რა იყო ამ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები და რამ განაპირობა მისი ფენომენალური გამარჯვება.
დიდი სამეული და დიდი მწვრთნელი
ამ გუნდიდან ქვეყნის (ცხადია, იგულისხმება საბჭოთა კავშირი) საუკეთესო მოთამაშის ტიტულს სამი ფეხბურთელი ფლობდა. ესენი იყვნენ ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი (ფლობდნენ თითოჯერ) და რამაზ შენგელია რომელმაც ორჯერ მოიპოვა ეს აღიარება. აქვე უნდა ვთქვათ, რომ შენგელია 1981 წელს სულ რაღაც 24 წლის იყო და ამ ასაკში ასეთი მიღწევები უკვე ბევრზე მეტყველებს, მით უფრო რომ 1983 წლიდან მოყოლებული „დინამოში“ ვითარება აირია (ყიფიანის წასვლა, დარასელიას დაღუპვა) და მას შემდეგ შენგელიას თავისი ნიჭის ბოლომდე გამომჟღავნების საშუალება არ ეძლეოდა (შედარებისათვის, 1981 წელს ყიფიანი უკვე 30 წლის იყო, ჩივაძე კი 26-ის).
შენგელიას ძირითად შემადგენლობაში ასე მარტივად არ დაუმკვიდრებია ადგილი. მას კონკურენციას უწევდა ისეთი უნიკალური ფეხბურთელი როგორიც იყო რევაზ ჩელებაძე, - ზანტი მოძრაობების, მაგრამ უბადლო ტექნიკის პატრონი და პენალტების დიდოსტატი (ერთგვარი ქართველი პანენკა), რომელსაც საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც ჰქონდა ნათამაშები და საკმაოდ წარმატებითაც. მართალია, ჩელე-პელეს ძირითადიდან ამოგდება და შემდგომში „დინამოდან“ წასვლა მის ხასიათსაც ბრალდება, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი ალბათ მაინც შენგელიას ოსტატობა იყო.
ეს იყო უნიკალური ფორვარდი დაჯილდოვებული მეგოლისათვის საჭირო ალღოთი და, რაც ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრირებული გოლის გატანაზე (მისი ყველაზე ზუსტი ანალოგი ალბათ გერდ მიულერია). მიუხედავად იმისა რომ ტანდაბალი იყო, თავით გოლების გატანასაც ხშირად ახერხებდა, რაც მის უნიკალურ შრომისმოყვარეობაზე მეტყველებს. დაბოლოს, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად სამჯერ მხოლოდ ოლეგ ბლოხინი დაასახელეს, რომელმაც მთელი კარიერა ფენომენალურად წარმატებულ, ლობანოვსკის კიევის „დინამოში“ გაატარა.
შენგელიას ნიჭის გამოვლენას განსაკუთრებით უწყობდა ხელს სამეულის მეორე ლეგენდა, ყიფიანი. გუნდის დირიჟორი და უნივერსალური შემტევი (რის გამოც მას ყველაზე ხშირად პლატინის ადარებდნენ), რომელსაც შეეძლო როგორც საგოლე პასის გაკეთება, ასევე გოლის გატანა. დახვეწილი ტექნიკისა და ელეგანტურობის გამო გუნდის ყველაზე პოპულარული მოთამაშე იყო (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ცნობილმა პოეტმა ევგენი ევტუშენკომ მას პატარა პოემაც კი მიუძღვნა) და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი არწაყვანა ჩვენთან ანტიქართულ ჟესტად მოინათლა. მაგრამ ანტიქართული ამაში არაფერი იყო თუკი გავითვალისწინებთ, რომ წაიყვანეს ოთხი ქართველი (შენგელია, დარასელია, სულაქველიძე და ჩივაძე, რომელიც საერთოდაც საბჭოთა ნაკრების კაპიტანი იყო), ხოლო საბჭოთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი გახლდათ. უბრალოდ, ალბათ ჩაითვალა, რომ ყიფიანი 1981 წლის ბოლოს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმაში არ იყო.
ყიფომდე დირიჟორის ფუნქცია „დინამოში“ მანუჩარ მაჩაიძეს ეპყრო, „დინამოს“ კაპიტანსა და იმდროინდელი გულშემატკივრის კიდევ ერთ კერპს. მაგრამ კერპობამ საბოლოოდ მაჩაიძეს ვერ უშველა, რადგან ახალკაცს სჭირდებოდა დირიჟორი, რომელიც დროულად გააკეთებდა პასს და თამაშს არ შეაყოვნებდა, მაშინ როცა მაჩაიძეს ზედმეტად უყვარდა ბურთის თრევა. ეს ბევრ მის ფანს მოსწონდა, მაგრამ არ მოსწონდა ახალკაცს, რომელიც კარგად ხვდებოდა, რომ ქართულ ფეხბურთს სანახაობრივი ელემენტი საკმარისზე მეტად ჰქონდა და რომ „დინამოს“ მოედანზე დროის დაკარგვისა და თამაშის შეყოვნების ფუფუნება არ ჰქონდა (იგივე მოსაზრებით არჩია მან ჩელე-პელეს უფრო სწრაფი და შრომისუნარიანი შენგელია). ასე აღმოჩნდა მაჩაიძე გუნდის გარეთ. დირიჟორად ყიფიანი იქცა, კაპიტნად კი - ჩივაძე.
ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში იყო საბჭოთა ნაკრების კაპიტანი, რაც ალბათ დამატებით კომენტარს არ საჭიროებს. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი და ამავე დროს იშვიათი საფეხბურთო ინტელექტით დაჯილდოვებული ცენტრალური მცველი, რომელსაც ჰქონდა კარგი შორეული დარტყმა და მშვენივრად ერთვებოდა შეტევებში (რის გამოც ბეკენბაუერს ადარებდნენ). ყველაფერ ამასთან ერთად საშა გამოირჩეოდა წესიერებითა და პრინციპულობით, ალბათ სწორედ ამან მოუტანა მას კაპიტნობა „დინამოშიც“ და ნაკრებშიც. ფეხბურთში მცველებს ნაკლებად აფასებენ ხოლმე და ამიტომ ჩივაძის ტიტულები და დაფასება განსაკუთრებით აღსანიშნავია.
ამ სამეულს კი თავისი ადგილი მიუჩინა ახალკაცმა. ფარსადანოვიჩი არა უბრალოდ კარგი საფეხბურთო მწვრთნელი იყო, არამედ გამორჩეული ინტელექტუალიც. როგორც ინტელექტუალებსა და ნიჭიერ ადამიანებს ჩვევიათ, მას გამოწვევების არ ეშინოდა და ძლიერ მეტოქეებთან თამაშში შანსს უფრო ხედავდა ვიდრე საფრთხეს. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ მან „დინამოს“ სანახაობრივი ფეხბურთი დააკნინა და რომ ბევრ კარგ ფეხბურთელს უთხრა უარი. მაგრამ სიმართლე ალბათ ის არის, რომ ახალკაცს ფეხბურთი ამ კრიტიკოსებზე უკეთ ესმოდა და ხვდებოდა რომ წარმატების მისაღწევად საკმარისი არ იყო უბრალოდ ტალანტებისა და ტექნიკური მოთამაშეებისათვის ერთად თავის მოყრა. იგი უპირველესად გუნდის შექმნაზე აკეთებდა აქცენტს. მის ხელში დისციპლინაც მყარი იყო (ოღონდ ცხადია ქართული სტანდარტების გათვალისწინებით) და ფეხბურთელთა შორის კონფლიქტებიც სასწრაფოდ გვარდებოდა (ყიფიანსა და შენგელიას ოდესღაც გვარიანი შელაპარაკება მოუვიდათ, მაგრამ შემდეგ სანიმუშო პარტნიორებად იქცნენ). ფარსადანოვიჩის გუნდისადმი მიდგომა კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, როცა სხვა მოთამაშეების დახასიათებაზე გადავალთ.
შემდეგი სამეული
ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია, თენგიზ სულაქველიძე. ეს სამეული შეიძლება არა მსოფლიო კლასის, მაგრამ ევროპული კლასის თავისუფლად იყო. ხოლო თუკი გავიხსენებთ, რომ დარასელია 25 წლის გარდაიცვალა და საუკეთესო წლები წინ ჰქონდა, ჯობს ამ კლასიფიკაციებს საერთოდ შევეშვათ. ბარემ ამ დიდი ფეხბურთელით დავიწყოთ. თანამედროვე ფეხბურთში საყრდენი ნახევარმცველი ერთ-ერთ გადამწყვეტ პოზიციადაა მიჩნეული. ხშირად მოჰყავთ მაგალითად როგორ მოიშალა გალაქტიკოების „რეალი“ მაკელელეს გარეშე, რომელიც მოედანზე კი ჩანდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ჩანდა მაშინ როცა მოედანზე არ იყო (გუნდი მის გარეშე ნორმალურად ვერ ფუნქციონირებდა). ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება დარასელიაზე, ოღონდ იგი მაკელელეზე უფრო ტექნიკური იყო, შეტევაც მშვენივრად ეხერხებოდა და გოლებიც ხშირად გაჰქონდა, მითუმეტეს მისი ამპლუის კვალობაზე.
გულშემატკივრების კიდევ ერთი კერპი გუცაევი გამოირჩეოდა სისწრაფითა და ტექნიკით, რის გამოც ხშირად მოქმედებდა ფლანგებზე. ვოვა ხშირად იღებდა ტრავმებს და ალბათ სწორედ ამის გამო მან ეშმაკობები ისწავლა - ოსტატურად წვებოდა ხოლმე საჯარიმო მოედანზე, რითაც გუნდს პენალტს მოუპოვებდა და მასზე დაგეშილ მცველებზეც შურს იძიებდა (არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ უხეშობისათვის თითქმის არ სჯიდნენ, რაც ტექნიკურ ფეხბურთელებს ძალიან ურთულებდა თამაშსაც და ცხოვრებასაც). დირიჟორ ყიფოსა და ცენტრფორვარდ შენგელიასთან ერთად გარემარბი ვოვა სერიოზულ დამრტყმელ ძალას ქმნიდა. მხოლოდ თასების მფლობელთა თასის ფინალში მისი გოლის ნახვაც საკმარისია ამ ფეხბურთელის ღირსებების გასააზრებლად.
რაც შეეხება სულაქველიძეს, ეს იყო ფიზიკურად მეტად ძლიერი ფეხბურთელი, რომელსაც თამაში შეეძლო ცენტრალურ ნახევარმცველად, ცენტრალურ მცველად და მარჯვენა მცველადაც (საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1982 წელს სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა). ამავე დროს ჭომა იყო შესანიშნავი პერსონალური მეურვე, რომელიც თვით მარადონასაც კი მიუჩინეს. ჭომა იყო ალბათ ერთ-ერთი, რომლის გამოც ფარსადანოვიჩს სანახაობრივი ფეხბურთის დაკნინებაში დებდნენ ბრალს, თუმცა ამ ნაკლებად სანახაობრივ ფეხბურთელს გოლებიც იმდენი გაჰქონდა “სანახაობრივს” რომ შეშურდებოდა. აღსანიშნავია, რომ 1988 წელს (როცა „დინამოს“ ბრწყინვალე თაობა თითქმის აღარ იყო) ლობანოვსკიმ საბჭოთა ნაკრებში ქართველებიდან სწორედ სულაქველიძე წაიყვანა. „დინამოში“ დარასელიასთან ერთად ის ქმნიდა იმ ხერხემალს ცენტრში, რომლის წყალობითაც შემტევებს წინ ხელ-ფეხი ეხსნებოდათ. ამ დუეტის წყალობით გუნდი ბრწყინვალედ იყო დაბალანსებული და ყველა კომპონენტში შეეძლო მეტოქეობა ევროპის გრანდებთანაც.
ნაკლებად დაფასებულნი
„დინამოს“ კარს ოთარ გაბელია იცავდა. მისი ძირითადი ღირსება კარგი რეაქცია იყო, მთავარი პრობლემა კი ფეთქებადი ხასიათი, რაც მის სტაბილურობაზეც აისახებოდა. ის ხშირად ეჩხუბებებოდა მოწინააღმდეგეთა შემტევებს და კიდევ უფრო ხშირად თავის მცველებს. ასეთი მეკარე გუნდისათვის პრობლემატურად მიიჩნევა ხოლმე, მაგრამ გაბელიას თავისი უნიკალური ქარიზმა ჰქონდა, რაც საბოლოო ჯამში „დინამოს“ თავდაჯერებას უფრო მატებდა.
დაცვაში საშას გვერდით იდგა ზეგამოცდილი და მეტად საიმედო შოთა ხინჩაგაშვილი. ერთ-ერთი იმათგანი, რომელთაც ნაკლები დაფასება ხვდებათ გამომდინარე ამპლუიდან და სათამაშო სტილიდან. ამას ისიც დაემატა, რომ გაფრთხილებების გამო ხინჩაგაშვილმა ფინალი ვერ ითამაშა. თუმცა იგი კარგად შეცვალა კიდევ ერთმა, შედარებით ნაკლებად დაფასებულმა მცველმა, ნოდარ ხიზანიშვილმა.
მარჯვენა მცველად თამაშობდა ასევე გამოცდილი თამაზ კოსტავა, რომელიც მშვენივრად ერთვებოდა ხოლმე შეტევებში, მაგრამ ჩაწოდებები არც ისე კარგი ჰქონდა. ამიტომაც, ალბათ ახალკაცის დავალებით, გადამწყვეტ თამაშებში იგი დაცვაზე უფრო ზრუნავდა. მარცხენა ფლანგზე ახალგაზრდა გია თავაძე მოქმედებდა. საკმაოდ საიმედო მოთამაშე, რომელსაც ჰქონდა მეტად ძლიერი დარტყმა და ამით ასევე შეჰქონდა თავისი წვლილი შეტევებში.
და, როგორც იტყვიან, last but not least, ნახევარდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, ახალგაზრდა ზაურ სვანაძე. იგი დარასელიას მსგავსად კარგად მუშაობდა უკან და შეტევებშიც კარგად ერთვებოდა. კიდევ ერთი უნივერსალი, რომელიც ფარსადანოვიჩის სქემაში კარგად ჯდებოდა. მისი წყალობით დარასელია უფრო ხშირად იცლიდა შეტევებისათვის.
და ერთიც - ფინალში შეცვლაზე შემოსული ნუგზარ კაკილაშვილი, რომელმაც ამ გოლში თავისი წვლილი დაიდო გაუკეთა რა ბლოკირება მეტოქე მცველებს.
გუნდი და სქემა
სიტყვა “უნივერსალი” უკვე ხშირად ვახსენეთ. ფარსადანოვიჩის მთავარი მიღწევა და კოზირი ალბათ სწორედ ეს იყო. დინამოელთა უმრავლესობას რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში. „ვესტ ჰემთან“ გასვლაზე ყიფო დაცვითა და მეტოქეთათვის ფეხებში ვარდნებით იყო დაკავებული, რამაც ხელი არ შეუშალა საჭირო მომენტში შენგელიასკენ ბრწყინვალე შორეული პასი გაეჭრა. საშა შეტევებში მოულოდნელად ერთვებოდა ხოლმე (და ასე გაუტანა გოლი იგივე „ვესტ ჰემს“), მაგრამ ასეთ დროს დაცვა უპატრონოდ არ რჩებოდა ხოლმე, რადგან სქემის მიხედვით უკან იხევდა ჭომა. განაპირა მცველების შეტევებში ჩართვაზე უკვე ვილაპარაკეთ, ისევე როგორც დარასელიას უნარზე ემუშავა უკან და გაეტანა გოლებიც. ამის გათვალისწინებით ეს იყო 21-ე საუკუნის გუნდი.
ყოველივე ამას დაემატა კარგი გამოცდილებაც. ორი წლით ადრე თვით „ლივერპულის“ დამარცხება (ჩივაძის თქმით, ყველაზე ძლიერი გუნდის, რომელთანაც მას უთამაშია), შემდეგ კი ძალიან ძლიერ „ჰამბურგთან“ ღირსეული შებრძოლება კარგ გაკვეთილად იქცა. იგივე ჩივაძის თქმით, „ლივერპულთან“ თამაშის ბედი ყიფიანის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. მაგრამ ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა საკმარისი არ აღმოჩნდა „ჰამბურგთან“ (რომელსაც გასვლაზე ასევე ყიფომ, ასევე ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გაუტანა გოლი). მოთამაშეებმა გამოცდილება შეიძინეს, მწვრთნელმა კი თავისი გაკვეთილი ისწავლა და გუნდურ თამაშზე მეტი აქცენტი გააკეთა. „კარლ ცაისთან“ ყიფოს მეტად უხეში მეურვე მიუჩინეს და თამაშის საშუალება თითქმის არ მისცეს, მაგრამ სამაგიეროდ შესანიშნავად ითამაშეს სხვა შემტევებმა.
რომ არა გამოცდილება, „დინამო“ ვერ დაძლევდა „ფეინოორდის“ ბარიერს. გასვლაზე მსაჯებმა ჩვენს გუნდს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყეს - რამდენიმე არჩათვლილი გოლი, არდანიშნული პენალტები, საშინელ უხეშობაზე თვალის დახუჭვა. ასეთი ბარიერის გავლას სჭირდებოდა არა მხოლოდ საფეხბურთო ოსტატობა, არამედ ფსიქოლოგიური მდგრადობაც. „ჰამბურგთან“ გასვლაზე გუნდი საკმაოდ იოლად გატყდა მას შემდეგ რაც დავით მუჯირმა თავის კარში ჩაჭრა გოლი. „კარლ ცაისთან“ გოლი სულაც ჩივაძის შეცდომის შედეგად გავიდა, მაგრამ ამის შემდეგ გუნდმა თამაში მოიგო.
ხშირად გავიგონებთ, რომ „დინამოს“ გაუმართლა, რადგან ფინალში სუსტ გუნდს შეხვდა. მაგრამ ამ გუნდმა იქამდე „ვალენსია“ და „ბენფიკა“ დაამარცხა, რაც უკვე მრავლისმეტყველია. საერთოდ კი რთულია გაიხსენო გამარჯვებული, რომელსაც რაღაც ეტაპზე რაღაცით არ გაუმართლა. ამიტომ ეს გამარჯვება და მისი შემოქმედები უნდა დავაფასოთ. მითუმეტეს რომ ახლანდელი გადასახედიდან ასეთი წარმატება ქართულ ფეხბურთს დიდი ხნის განმავლობაში “არ ემუქრება.”