სუპერლიგაში მარნეულის „დელტა“ ახალი არაქართველებით და ძველი ქართველებით შედის. შარშან, ერთით დაბალ დონეზე „დელტამ“ შესანიშნავად ითამაშა და სუპერლიგის ვიზა მიიღო. ჯერ, ერთწლიანი ვიზა და თუ გუნდი ტემპს გაუძლებს, თუ ბევრი ფაქტორი კარგად აეწყობა, „დელტა“ დარჩება სუპერლიგაში. და ამ რეგულარულის პროცესში გუნდის პირველი ნომერი სოსო ლეჟავა იქნება.
კარგი გამთამაშებელი, რომელსაც მწვანე ფერი უყვარს. იღლება დასვენებით. სულ რაღაცას უნდა აკეთებდეს, უნდა ვარჯიშობდეს, სპორტთან ახლობლობდეს. ლეჟავას არ ჰყავს იდეალი და ბიჭმა იცის, რომ კალათბურთში წარმატების მისაღწევად აუცილებლად უნდა გაიაროს მწვანე მილი. როგორც სტივენ კინგის გენიალურ ნაწარმოებში და საოცრად კეთილ ფილმში. იმ ფილმში, რომელიც სოსოს უყვარს. „მწვრთნელ კარტერთან“ და „პრესტიჟთან“ ერთად.
სოსო ლეჟავა: „რას არ გავაკეთებდი? უსამართლოდ არ მოვიქცეოდი. და, ალბათ, მაკლია საკუთარი თავის შეფასება და ყველაზე უფრო ჩემი ოჯახი მენატრება.“
სუპერლიგა ნორმალური ტურნირია. და საქართველოში ძალიან ცუდად იცნობენ სუპერლიგის მოთამაშეებს. ალბათ, სოსოსაც. ამ სეზონიდან „დელტას“ პირველი ნომერი და იდეაში, მთელი გუნდი უნდა გავიცნოთ.
ს.ლ: „გაზაფხული მიყვარს. და...მიყვარს ფილმების ყურება. საყვარელი მსახიობი დენზელ ვაშინგტონია.“ აქ, მე და სოსო ერთ აზრზე ვართ. არ ემთხვევა ჩვენი გემოვნება კალათბურთის თემაში. სოსო კაირი ირვინგის გულშემატკივარია. მე - კავაი ლეონარდის.
„დელტას“ ფლეიმეიქერი უსმენს გემოვნებიან მუსიკას - Coldplay, Imagine Dragons. ცოტა და ცუდად სძინავს და თვლის, რომ დღეს ფული არის ყველაფერი. იგივე აზრზეა კონორ მაკგრეგორი. რომელიც ბოლო შოუთაიმის შემდეგ ყველაზე პოპულარული ირლანდიელია.
ს.ლ: „საჭმელს ვამზადებ და საკმაოდ კარგადაც. მიყვარს ექსპერიმენტები და ვაგროვებ საათებს. და მაგრად მინდა, რომ საქართველოში კალათბურთი უკეთ, უფრო სწრაფად ვითარდებოდეს.“
ახალ სეზონში სოსო ლეჟავა „დელტას“ ტემპს, გუნდის პულსს დაარეგულირებს. თუ გაქაჩავს, გუნდი არ ინერვიულებს და ყველაფერი წესრიგში იქნება.
კალათბურთის, კაირის, მაკგრეგორის და დენზელის ფანი ახალი სეზონისთვის მზად არის.
„დელტაც“.
ზურა თალაკვაძე