ფეხბურთი

10:29 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: ჯაბა, რატომ ხარ უგუნდოდ?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლი დაასრულა. დაასრულა ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან მარცხით (0:1). ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ ტაიმში ჩინებულად გამოიყურებოდა და რიგ ეპიზოდებში სჯობდა კიდეც მეტოქეს. თუმცა, მეორე ნახევარში ძალიან გაუჭირდა.

WORLDSPORT.GE ტრადიციულად გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს: საუკეთესო ჯაბა კანკავა იყო – კაპიტანი, რომელიც უშეცდომოდ გაისარჯა და რომელიც, რაც უნდა უცნაური იყოს, უგუნდოდაა. არაფერი დაეწუნებოდათ გიორგი მაკარიძესა და დავით ხოჭოლავას. სამაგიეროდ, ისევ სუსტი თამაში აჩვენეს ვაკო ყაზაიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ.

გიორგი მაკარიძე 7 – საქართველოს ნაკრების მეკარეს ბელგრადში განსაკუთრებულად ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ დამაჯერებელი თამაში აჩვენა. გიორგიმ პირველ ტაიმში დუშან ტადიჩს რთული ბურთი სწორი პოზიციის წყალობით აუღო. ასევე კარგი რეაქცია გამოავლინა მიტროვიჩის თავურზე. გარდა ამისა, გამოსვლებზეც დამაჯერებელი მოქმედებებით გამოირჩა. გაშვებულ გოლში კი მისი დადანაშაულება არ შეიძლება. საერთოდ, სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონდეს, ბევრად კარგ ფორმაშიც იქნებოდა.

ოთარ კაკაბაძე 7 – უშეცდომო იყო უელსთან და სერბეთის ნაკრებთანაც ჩინებული გარჯით გამოირჩა. კაკაბაძეს აშკარად პროგრესი აქვს და ეტყობა, რომ ესპანეთის სეგუნდადივიზიონში მუდმივად თამაშობს. ოთარი არც ამჯერად ერიდებოდა შეტევაში ჩართვას შესაძლებლობების ფარგლებში. რამდენჯერმე, ტექნიკურად ითამაშა და რამდენიმე მეტოქეს დააღწია თავი.

დავით ხოჭოლავა 6.5 – ხოჭოლავას დიდი სანაკრებო გამოცდილება არ გააჩნია და სოლომონ კვირკველიას ჩანაცვლებაც გარკვეული პასუხისმგებლობა იყო. “შახტარის” მცველმა ამ მოვალეობას თავი ჩინებულად გაართვა. მთელი მატჩის განმავლობაში სერიოზული შეცდომა არ დაუშვია და ბევრი ორთაბრძოლაც მოიგო. იყო ერთი ეპიზოდი, როცა პოზიციურად შეცდა. გაშვებული გოლის დროს კი, არამარტო ის, არამედ მთლიანად გუნდი ჩავარდა.

გურამ კაშია 7 – გურამ კაშია, კვირკველიას არყოფნაში, დაცვის ლიდერად მოგვევლინა. ჩინებულად მოქმედებდა ჩაჭრებზეც. გაუჭირდა ბრანისლავ ივანოვიჩის აყვანა სტანდარტული სიტუაციების დროს. საბოლოო ჯამში გურამის თამაშს არაფერი დაეწუნებოდა.

გიორგი ნავალოვსკი 5.5 – მისი თამაში კი სხვებთან შედარებით მართლაც არ იყო დამაკმაყოფილებელი. შეტევასაც დიდად ვერ ეხმარებოდა და დაცვაშიც ტადიჩისა და ლიაიჩის გამკლავება ძალიან გაუჭირდა.

ვაკო გვილია 5.5 – მას აშკარად ეტყობა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა. ფორმიდან ამოვარდნილია. გოლის ეპიზოდშიც ივანოვიჩმა ისე მარტივად ჩამოიცილა, თითქოს იქ საერთოდ არ ყოფილა. პირველ ტაიმში კი უკეთესად გაისარჯა. გოლიც გატანაც შეეძლო, მაგრამ მისი შორეული დარტყმა მეკარემ უკუაგდო.

გიორგი აბურჯანია 6 – გიორგიმ საქართველოს ნაკრებში კარგა ხნის პაუზის შემდეგ ითამაშა. თავიდან, გამოცდილ სერბ ვიზავებს არაფერს უთმობდა და რიგ ეპიზოდებში ჩაგრავდა კიდეც. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ მასპინძლები. გიორგის გოლის გატანის შანსიც მიეცა: კაკაბაძის ფლანგურ გადაცემას გამოეხმაურა, მაგრამ თავით კარგად ვერ დაარტყა, რადგან ჯაბა ჯიღაურმა უნებლიედ ხელი შეუშალა.

ჯაბა კანკავა 7.5 – არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი საუკეთესო იყო. მისი დროული ვარდნები, ზონების დაკეტვები დიდ პრობლემებს უქმნიდა სერბეთის ნაკრების შემტევებს. კანკავა იყო ნამდვილი გლადიატორი. კაპიტანმა ერთ ეპიზოდში ცარიელი კარიდანაც გამოიტანა ბურთი. მართალია, ივანოვიჩი ვეღარ შეაჩერა, მაგრამ სერბთა კაპიტანს ისეთი ჰქონდა “აწყვეტილი”, არც არავინ იყო მის გამჩერებელი, სამწუხაროდ. პარადოქსია, რომ ჯაბა კანკავა უკლუბოდაა და მხოლოდ ინდივიდუალურად უწევს ვარჯიში...

ჯაბა ჯიღაური 5.5 – ჯიღაურის საუკეთესო თამაში არ ყოფილა. ინერტული იყო და ბურთსაც ხშირად კარგავდა. სწორედ მის დაკარგულ ბურთს მოჰყვა კონტრშეტევა და შემდეგ გოლი. პირველ ტაიმში შორიდან დაარტყა, მაგრამ სუსტად. ეს იყო და ეს.

ვაკო ყაზაიშვილი 5.5 – ყაზაიშვილი ისევე, როგორც უელსთან, ბელგრადშიც არ ჰგავდა თავის თავს. ვახსენოთ, რომ საქართველოს ნაკრების კარგი შეტევა იყო ყაზაიშვილმა ჯიღაურს რთულ სიტუაციაში მიაწოდა ბურთი, მაშინ, როდესაც ფლანგზე უკეთესი ვარიანტი ჰქონდა. შედეგად, ბურთი დაიკარგა და გოლიც ასე გავუშვით. ამ ეპიზოდიდან მალევე, ქვილითაიას ფლანგურ გადაცემას აგვირგვინებდა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა. არადა, დროც ჰქონდა და გაგრძელების სხვა ვარიანტიც...

გიორგი ქვილითაია 5.5 – არც ქვილითაია გარჯილა მაღალ დონეზე. ხშირად ვნახავდით მომენტს, როდესაც ქართველი ფორვარდი ყოვნდებოდა და ამით შეტევას სიმწვავე ეკარგებოდა. არ დავუკარგოთ, რომ ბევრი ბრძოლა გადახდა თავს და ხშირად, მარტოს უწევდა მცველებთან თამაში, მაგრამ მაინც. ერთ ეპიზოდში მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა დაახანა და ფიქრში ბურთიც დაკარგა.

გიორგი მერებაშვილი შ.გ – გიორგის თამაშის გასამწვავებლად დიდი დრო არ ჰქონია და თამაშშიც იმ დროს ჩაერთო, როცა სერბეთი უკვე მოედანზე სრულად ბატონობდა.

ვლადიმერ დვალიშვილი შ.გ – შეფასების გარეშე დარჩა ვალდიმერ დვალიშვილიც.

ლუკას ჰუფნაგელი შ.გ – ლუკას ჰუფნაგელმა საქართველოს ნაკრებში მეორე თამაში ჩაატარა. აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა და გუნდთან შეუთამაშებლობაც. მთლიანობაში იმ წუთებით, რაც მოედანზე გაატარა, დასკვნების გაკეთება მართებული არ იქნება.

ვლადიმირ ვაისი 5.5 – ნაცნობი სურათი: ერთი კარგი ტაიმი და მეორე – ცუდი. საქართველოს ნაკრებს მისი ხელმძღვანელობით რაღაც აკლია. თუმცა, ჯერჯერობით ეს რაღაც, აღმოუფხვრელი რჩება. ვაისი, როგორც აქამდე, ახლაც მოერიდა ცვლილებების გაკეთებას ნაადრევად და მხოლოდ ბოლო 15 წუთში მიმართა ამ საშუალებას. აღვნიშნოთ, რომ სლოვაკი ისევ არ ენდო გიორგი ჭანტურიას. თუმცა, უნდა მოვუწონოთ დავით ხოჭოლავასა და გიორგი აბურჯანიასთვის შანსის მიცემა.

0.110576