ფეხბურთი

15:58 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარ ტაბარესი: “სუარესს ოპერაცია არ სჭირდება”

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი დარწმუნებულია, რომ მისი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ლუის სუარესს ოპერაცია არ დასჭირდება.

როგორც ცნობილია, ურუგვაელ ფორვარდს ესპანეთის სუპერთასზე “რეალთან” დაპირისპირების დროს მიღებული ტრავმა პერიოდულად თავს ახსენებს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაკრებიდან “ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

“დაზიანება ამდენად სერიოზული რომ ყოფილიყო, ლუისს ოპერაცია აქამდე ჩაუტარდებოდა. ჩვენ მისი გვჯერა. მას აქვს საოცარი პოტენციალი და შეუძლია ნებისმიერი მომენტი გოლად აქციოს”- ამბობს ტაბარესი, რომლის გუნდი ბოლივიასთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება. თამაში 11 ოქტომბერს ჩატარდება და სუარესი სავარაუდოდ შეძლებს მასში მონაწილეობის მიღებას. ურუგვაელები სამხრეთამერიკულ ჯგუფში 28 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან.

მიმდინარე სეზონში ლუის სუარესმა “ბარსელონას” შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 8 თამაში ჩაატარა და მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია. ფეხბურთელმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე 6 ოქტომბერს, ურუგვაის ნაკრების რიგებში ვენესუელასთან უგოლოდ დასრულებულ შეხვედრაში (0:0).

0.113728