მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიამ შვეიცარიასთან მარცხით დაიწყო. იქედან მოყოლებული წელიწადზე მეტი დრო და 8 ტური გავიდა. ლუზიტანელებმა ყველა თამაში მოიგეს, მაგრამ ვერაფრით მოახერხეს გალიდერება.
საქმე ისაა, რომ შვეიცარიის ნაკრები თავის ისტორიაში სარეკორდო შესარჩევ ციკლს ატარებს და 9 ტურის მერე უდანაკარგოდ, 9 გამარჯვებით(!) ლიდერია. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდის მორიგი მსხვერპლი ამჯერად უნგრეთი გახდა – 5:2. მიუხედავად შვეიცარიის ნაკრები შვეიცარიული საათივით მუშაობს, ბოლო ტურში მაინც საფრთხის წინაშეა, რადგან პორტუგალიას სტუმრობს თუ მუნდიალზე გასვლა უნდა და არა პლეი-ოფში, ერთი ქულის მოპოვება მაინც მართებს.
პორტუგალიას კი, თავის მხრივ ნებისმიერი ანგარიშით მოგება დააკმაყოფილებს, რადგან ბურთების ბალანსი ბევრად კარგი აქვს, ვიდრე უდანაკარგო კონკურენტს. ისე, ევროპის მოქმედ ჩემპიონს გაუჭირდა ანდორაში მოგება: მაჩანჩალა მასპინძელს გოლი ერთი საათის განმავლობაში ვერ გაუტანა. საბოლოოდ, პორტუგალია სირცხვილისგან კრიშტიანუ რონალდუმ იხსნა, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. რონალდუმ მიმდინარე შესარჩევში მე-15 გოლი შეაგდო და რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ აქამდე ევროპულ შესარჩევში 15 გოლი არავის გაუტანია, ახლა კი ამის გაკეთება ორმა ფეხბურთელმა მოახერხა.
ამ ჯგუფში რა თქმა უნდა, სხვა გუნდები უშანსოდ არიან და მთელი ყურადღება პორტუგალია – შვეიცარიის მატჩისკენ იქნება მიმართული.
ფარერები – ლატვია 0:0 (0:0)
ანდორა – პორტუგალია 0:2 (0:0) VIDEO
გოლები: 0:1 რონალდუ (63), 0:2 ანდრე სილვა (86)
შვეიცარია – უნგრეთი 5:2 (3:0)
გოლები: 1:0 ჯაკა (18), 2:0 ფრაი (20), 3:0 ზუბერი (43), 4:0 ზუბერი (49), 4:1 გუზმიჩსი (58), 5:1 ლიხშტაინერი (83), 5:2 უგრაი (89)
1. | შვეიცარია | 9 | 9 | 0 | 0 | 23:5 | 27 | |
2. | პორტუგალია | 9 | 8 | 0 | 1 | 30:4 | 24 | |
3. | უნგრეთი | 9 | 3 | 1 | 5 | 13:14 | 10 | |
4. | ფარერები | 9 | 2 | 3 | 4 | 4:15 | 9 | |
5. | ლატვია | 9 | 1 | 1 | 7 | 3:18 | 4 | |
6. | ანდორა | 9 | 1 | 1 | 7 | 2:19 | 4 |
მომდევნო ტური – 10 ოქტომბერი
უნგრეთი – ფარერები
ლატვია – ანდორა
პორტუგალია - შვეიცარია