ფეხბურთი

16:12 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: წყვეტა რგოლებს შორის და უფერული ნახევარდაცვა

ამჯერად არ ყოფილა შედეგი და არც თამაშის ხარისხი ყოფილა. საქართველოს ეროვნული ნაკრები უელსთან საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა და მარცხიც ლოგიკას სრულიად ექვემდებარებოდა.

განსაკუთრებით სუსტად ნახევარმცველები გამოიყურებოდნენ. ისინი მცველებს ვერ ეხმარებოდნენ და ვერც შეტევას ამარაგებდნენ დროული და ზუსტი პასებით. ამან გამოიწვია ის, რომ უელსის ნაკრებს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი მალევე შეექმნა, ხოლო საქართველომ კარში პირველად 77-ე წუთზე დაარტყა.

WORLDSPORT.GE თამაშის შემდეგ ტრადიციულად წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს:

გიორგი ლორია 6 – გიორგი ლორია დიდი ხნის უთამაშებელია. ტრავმის მოშუშების შემდეგ სათამაშო პრაქტიკა “ანჟიში” არ აქვს. გუშინდელ შეხვედრაში გიორგის ეს ეპიზოდებში დაეტყო კიდეც. პირველ ტაიმში ერთხელ აშკარა გოლისგან იხსნა კარი, ხოლო მეორე ნახევარში აარონ რემზის სუსტი დარტყმული ცუდად მოიგერია. გოლის გაშვებისას კი შეეძლო უკეთ ემოქმედა. და მაინც, უელსელი შემტევის დარტყმული ძალიან ძლიერი იყო და ლორიამ ბურთს მხოლოდ თითები შეახო.

ოთარ კაკაბაძე 7 – საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნამდვილად გამორჩეული იყო კაკაბაძე. განაპირა მცველი დაცვაშიც იდეალურად ირჯებოდა და შეტევაში ძალზე ხშირად ერთვებოდა. აღსანიშნავია მისი მხრიდან რამდენჯერმე უზადოდ ეფექტური და ტექნიკური თამაში. საქართველოს ნაკრების სამი ყველაზე სახიფათო მომენტი კაკაბაძის მონაწილეობით შეიქმნა: ჯერ ქვილითაიას ჩაუწოდა მწვავედ, მერე მერებაშვილის კარში დარტყმის დროს სწორედ მან გაარღვია უელსელთა ნახევარდაცვა, ხოლო თამაშის ბოლო წუთზე მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ გავიდა, მაგრამ გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა და ვერ შეასრულა. მთლიანობაში ოთარი ქებას იმსახურებს.

სოლომონ კვირკველია 6.5 – სოლომონ კვირკველიასგან უკეთესი თამაში გვინახავს, თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ მატჩი ჩააგდო. მოსკოვის “ლოკომოტივის” უკანაზახელი განსაკუთრებით დამაჯერებლად დასწრებაზე თამაშის დროს, ვარდნებში და მეორე სართულზე გამოიყურებოდა. კვირკველიასთვის მართლაც იდეალური მატჩი იქნებოდა, რომ არა მთავარი: ტომ ლოურენსი გოლის ეპიზოდში ადვილად დაუსხლტა.

გურამ კაშია 6.5 – გურამ კაშიას ხშირად უწევდა მარცხენა ფლანგზე წინ წასული გიორგი ნავალოვსკის დაზღვევა. ამ ფუნქციას თავი კარგად გაართვა. დაცვაში თითქმის უშეცდომოდ მოქმედებდა. გოლის მომენტში კი ვეღარ მოასწრო მეტოქის დარტყმულის დაბლოკვა და ეს ძვირად დაგვიჯდა.

გიორგი ნავალოვსკი 5.5 – ნავალოვსკი ტრადიციულად აქტიურობდა და შეტევასაც ეხმარებოდა. ეს მეტწილად შეხვედრის დასაწყისზე ითქმის. გარეთ ბეილის არყოფნაში საქმე გაუადვილდა, მაგრამ ლოურენსის შეჩერება რამდენჯერმე გაუჭირდა. მეორე ტაიმში ნაკლებად აქტიური იყო, რაც ალბათ დაღლილობით უნდა აიხსნას.

ნიკა კვეკვესკირი 5 – ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო თამაში. კვეკვესკირს მეტი შეუძლია. ჯანო ანანიძის არყოფნაში სწორედ მას უნდა ეტვირთა დირიჟორის ფუნქციები, მაგრამ არ გამოუვიდა. “ტობოლის” ნახევარმცველმა არაერთხელ სცადა ე. წ. “პარაშუტებით” თანაგუნდელთა ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვება, მაგრამ ამ იარაღმა არ გაამართლა – პასები ძირითადად არაზუსტი გამოსდიოდა. ლოგიკურიც იყო, რომ მატჩის ბოლოს შეცვალეს.

ჯაბა კანკავა 5.5 – ჯაბა კანკავას აშკარად დაეტყო, რომ უკლუბოდაა. მართალია, კაპიტანი შეუდარებელი იყო ეპიზოდებში და ბურთის ართმევაზე ფანტასტიკურად მოქმედებდა, არაერთი შეტევაც ჩაშალა, მაგრამ... კანკავას მარგი ქმედების კოეფიციენტი შეტევაში ძალიან დაბალი იყო. ხშირად აყოვნებდა შეტევას და ლოგიკურ გაგრძელებას ვერ აძლევდა. ეს კი, უელსის ნაკრების ნახევარდაცვას ხელ-ფეხს უხსნიდა.

ვაკო გვილია 5 – უთამაშებლობა მასაც ძალიან დასტყობია. გვილია მთელი მატჩი ამოვარდნილი იყო სათამაშო რიტმიდან და ალბათ ეს მისი ყველაზე სუსტი გამოსვლა იყო ეროვნულ ნაკრებში.

ვაკო ყაზაიშვილი 5 – ვაკო ყაზაიშვილისგან ველოდით ლიდერობას. თუმცა, ის მოედანზე ფერმკრთალი იყო. 90 წუთის განმავლობაში ხშირად გაგიჩნდებოდათ კითხვა, საერთოდ იყო თუ არა მოედანზე... მართალია, მასთან ბურთი ნახევარმცველებსაც ვერ მიჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, ვაკოს თამაში არ გამოუვიდა და ძალზე ინერტული იყო.

გიორგი მერებაშვილი 5.5 – ვერც გიორგიზე გვეთქმის ბევრად მეტი. მერებაშვილი პირველ ტაიმში ამოვარდნილი იყო თამაშიდან. მეორე ნახევარში შედარებით გამოციცხლდა. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც იგი მარცხენა ფლანგზე გადავიდა, უფრო აქტიური გახდა და კარშიც ზუსტად პირველად სწორედ მან დაარტყა. რეალურად, ყველაზე ახლოს გოლთან საქართველოს ნაკრები სწორედ ამ ეპიზოდში იყო.

გიორგი ქვილითაია 5 – “რაპიდის” შემტევთან ბურთი ძალიან იშვიათად მიდიოდა, მას 4 მცველს შორის მარტოს უწევდა ყოფნა. ქვილითაია კი, იმ სტილის ფეხბურთელთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელთაც ინდივიდუალურად შეუძლიათ შეტევის დაგვირგვინება.

დავით სხირტლაძე შ. გ. – “სილკებროგის” შემტევს ბევრი არ უთამაშია, ამიტომ მისი შეფასება გაგვიჭირდება. ერთხელ მერებაშვილი დატოვა კარგ პოზიციაში. ეს იყო და ეს...

ჯაბა ჯიღაური შ. გ. – იგივე დრო დაეთმო ჯიღაურსაც.

დავით ხოჭოლავა შ. გ. – ხოჭოლავამ მოედანზე ბოლო 2 წუთი დაჰყო და თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშა.

ვლადიმირ ვაისი 5.5 – ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებისგან კარგ თამაშს დავეჩვიეთ ხარისხის თვალსაზრისით. ამჯერად ასე არ ყოფილა. ვაისს დიდი დანაკლისი ჰქონდა ანანიძისა და ოქრიაშვილის სახით - შეტევას ორი კრეატიული ფეხბურთელი მოაკლდა. თუმცა, სლოვაკი ალბათ რაღაც ნიუანსებში ნამდვილად შეცდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო სამი ნახევარმცველი სათამაშო პრაქტიკის გარეშე. თუ ჩავუღრმავდებით, მარცხის მთავარი მიზეზიც შუა ხაზი იყო, სადაც უელსმა ძალიან დაგვჩაგრა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბურთს უმეტესად საქართველოს ნაკრები ფლობდა. როგორც წინა მატჩებში, ახლა საკმაოდ გვიან განხორციელდა შეცვლები. ვაისმა არ გამოიყენა გიორგი ჭანტურიაც, რომელსაც ალბათ შეეძლო შეტევის გამწვავება მარჯვენა ფლანგზე. ასე იყო, თუ ისე, უელსთან შეხვედრა როგორც საქართველოს ნაკრების, ისე ვაისის აქტივში ვერ ჩაიწერება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საერთო სურათს არ ცვლის...

0.123525