ფეხბურთი

22:31 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრის კოულმენი: "შედეგით კმაყოფილი ვარ"

საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩის (0:1) შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა შეაფასა. უელსელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და ამიტომ, დაფიქსირებული შედეგით ძალიან კმაყოფილია.

“მახსოვს საქართველოს ნაკრების წინა თამაშები და განსაკუთრებით სერბეთთან, როდესაც 1:0 იგებდა. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერი ნაკრებია, რომელსაც ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს. ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ბოლოს საქართველოს ნაკრებს რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

მიხარია, რომ ტომ ლოურენსმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. მთლიანობაში დღევანდელი შეხვედრა კარგად ჩაატარა და გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.

სასიხარულოა, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც გაფრთხილება ჰქონდათ, შეძლეს ყვითელი ბარათისგან თავის არიდება. პირველ ნახევარში იყო ამის საშიშროება, მაგრამ საბოლოოდ, ამ მხრივაც ჩვენთვის ყველაფერი კარგად წარიმართა.

გადამწყვეტი თამაში ირლანდიასთან გველოდება და ვფიქრობ, საინტერესო თამაში იქნება საოცარი ატმოსფეროს თანხლებით. ამ შეხვედრისთვის მზადება ჩვენ უკვე იმ წუთიდან დავიწყეთ, როდესაც საქართველოსთან თამაში დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიასთან ფრეც გვყოფნის პლეი-ოფისთვის, არცერთ შემთხვევაში მოედანზე მხოლოდ ქულისთვის არ გავალთ და აუცილებლად სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ.

ოთარ კაკაბაძეს შეეძლო ბოლოს გატანა და გოლი რომ გასულიყო, ჩემი ბრალი იქნებოდა, შეცვლის გაკეთების გამო, მაგრამ ვფიქრობ, ჰენესმა მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და ამიტომ, განსაკუთრებული მონდომება იქნებოდა საჭირო მისთვის გოლის გასატანად.

სათამაშო სისტემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, სწორედ ეს თამაშობს გადამწყვეტ როლს იმაში, რომ დადებითი შედეგი ხშირად გვაქვს.

ეშლი უილიამსი ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია. ნამდვილი კაპიტანი და ლიდერი. ეს განსაკუთრებით ისეთ მატჩებში ჩანს, როგორიც დღეს იყო. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის შემდეგ მხოლოდ სამი შეხვედრა ჩავატარეთ, როდესაც ჩვენი ლიდერები, ჯო ალენი, აარონ რემზი და გარეთ ბეილი მოედანზე არ იყვნენ. ამიტომ, უკვე შეჩვეულნი ვართ ასეთ სიტუაციას და ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ. ასეთია სანაკრებო ფეხბურთი.

ბეილიცა და რემზიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. სხვა და სხვა ძლიერი მხარეები აქვთ. რამდენიმე თამაშის მათ გარეშე ჩატარება რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ მთელი შესარჩევი ციკლის ჩატარება რთულია”, - განაცხადა კოულმენმა.

შეგახსენებთ, უელსის ნაკრებმა საქართველო პირველად დაამარცხა. ამ გამარჯვებით ევრო 2016-ის ნახევარფინალისტი მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

0.109679