18 წლის გოგა ბითაძე სერბეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდში შედეგიან თამაშს აგრძელებს. ქართველი ცენტრი უკვე მყარად ჩაჯდა „მეგა ბიმაქსის“ სასტარტო ხუთეულში და ყველა მატჩში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
საკმაოდ ძლიერი ტურნირის, ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში, „მეგა ბიმაქსი“ ევროლიგის წევრსა და სერბეთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „ცრვენა ზვეზდას“ სტუმრად შეხვდა და 80:90 დამარცხდა.
სტუმართა სასტარტო ხუთეულში მყოფმა ბითაძემ მოედანზე 29:45 წუთი დაჰყო და 19 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 4 დაფარება მოაგროვა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 16-დან 8 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში საუკეთესო კანადელი უკანახაზელი დილან ენისი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, სერბმა ნიკოლა რებიჩმა კი 19 ქულას, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
“ცრვენა ზვეზდას” წარმატება ძირითადად გამოცდილმა ამერიკელმა ლეგიონერებმა განაპირობეს. 32 წლის ტეილორ როჩესტიმ 26 ქულას 6 პასი წაამატა, 29 წლის ჯეიმს ფელდეინმა კი 21 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
აღსანიშნავია ბელგრადელთა მაკედონიელი ახალწვეულის – 35 წლის პერო ანტიჩის თამაშიც, რომელიც სერბულ გრანდს 10-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და ათ წუთში 10 ქულა ჩააგდო, ამასთან, 3 სამქულიანი გამოიყენა.
“მეგა ბემაქსი” თითო მოგება-წაგებით ადრიატიკის ლიგაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 7 ოქტომბერს, შინ, მონტენეგროს ჩემპიონ “მორნართან” გამართავს.
gbf.ge