საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქ ალმათში, 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - "ბოლატ ტურლიხანოვის თასზე" 6 მედალი მოიპოვა.
პრესტიჟული შეჯიბრება ქართული ფინალით დაგვირგვინდა - 130 კილოგრამი წონითი კატეგორიის გადამწყვეტ ბრძოლაში ლევან არაბულმა ზვიად პატარიძე დაამარცხა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
პატარიძის მსგავსად, უმაღლეს ტიტულამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ მინდია წულუკიძესა (75 კგ) და რობერტ კობლიაშვილს (85 კგ). შმაგი ბოლქვაძემ (75 კგ) და ლაშა გობაძემ (85 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
"ბოლატ ტურლიხანოვის თასზე" საქართველოს, ყაზახეთის, რუსეთის, ირანის, სამხრეთ კორეის, უნგრეთის, ბელარუსის, სომხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ლიტვის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა.